ოპოზიციაში ალტერნატიული ცენტრები არ არსებობს, მხოლოდ რადიკალური ჯგუფია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი ტყუილებში სტრასბურგის სასამართლომ ამხილა.
„სააკაშვილის მოწოდება იმ ჟანრიდანაა, როცა ის კვდებოდა და წამების მსხვერპლი იყო, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ ამხილა ტყუილებში. იგივე ჟანრია, როცა სააკაშვილი საუბრობს, რომ ქვეყანა დაიღუპება, თუ მთავარი პირი არ იქნება და მის გარშემო არ იტრიალებს ყველაფერი.
რაც შეეხება ალტერნატიულ ცენტრებს, ოპოზიციაში მსგავსი არ არსებობს. მხოლოდ რადიკალური ჯგუფი არსებობს, ეს იქნება გვარამია, მელია, თუ ხაბეიშვილი. ეს არის „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიის ჯგუფი. მათ აქვთ ბელადის იდეოლოგია. მათ არავინ მისცემს უფლებას, მისი მითითებების გარეშე რაიმე ნაბიჯი გადადგან“, – აცხადებს ოხანაშვილი.