„ქართული ოცნების“ პარლამენტმა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიით არჩეული პარლამენტის 12 გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე პარლამენტის წევრების უფლებამოსილება ცნო.
კერძოდ, „ოცნებამ“ გელა აბულაძის, ჯემალ ანანიძის, ქეთევან ბაკარაძის, რუსუდან თევზაძის, მალხაზ თორიას, შალვა კერესელიძის, სალომე კობალაძის, გიგა ფარულავას, ვიკა ფილფანის, გიორგი შარაშიძის, თამარ ხვედელიანის და სოფიო ხორგუანის უფლებამოსილება ცნო.
საგაზაფხულო სესიის ბოლოს „ოცნებამ“ გახარიას პარტიის 12 წევრს არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. გახარიას პარტიას ბარიერგადალახული სხვა განსხვავებით, საარჩევნო სია არ ჩაუხსნია. ამიტომ მის პარტიას ისევ რჩება შანსი, რომ პარლამენტში შევიდეს.
თავად გიორგი გახარია არ გამორიცხავს საპარლამენტო მანდატების გამოყენების შესაძლებლობას. მან პირველ სექტემბერს განაცხადა, რომ ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო მანდატების არგამოყენება შეცდომა იყო.
„ჩვენ ამ მანდატებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად მკაფიოდ გვაქვს გააზრებული. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ პოლიტიკურ გარემოზე, რომელიც შეიქმნება მუნიციპალური არჩევნების შემდეგ. ეს იქნება თავიდან ბოლომდე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და გამომდინარე იქიდან, როგორი საერთაშორისო და რეგიონული გარემო იქნება შექმნილი ქვეყანაში. როგორი იქნება რისკები საქართველოს სუვერენიტეტის და ქვეყნის ევროპული კეთილდღეობის“, – განაცხადა გახარიამ.
