„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბოდიშის მოხდას ან პოსტის წაშლას ურჩევს გერმანელ ევროპარლამენტარს, რომელმაც მმართველი პარტიის ლიდერებს „მოსკოვური არსებები“ უწოდა.
კერძოდ, გერმანელი ევროპარლამენტარი, მაიკლ გალერი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოსტს, სადაც ის „ქართული ოცნების“ ახალ რეპრესიულ კანონებს აკრიტიკებს.
ზურაბიშვილის წერს, რომ „დაემორჩილეთ ჩვენს დიქტატს ან დატოვეთ ქვეყანა! — „ქართული ოცნების“ ახალი დევიზი მოქალაქეების მიმართ“.
მაიკლ გალერმა სალომე ზურაბიშვილის აღნიშნული პოსტი გააზიარა და დაწერა, რომ ქვეყანა სწორედ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა უნდა დატოვონ, რომლებიც „მოსკოვური არსებები“ არიან.
„ეს მოსკოვური არსებები — ივანიშვილი, კობახიძე და კომპანია — სწორედ ისინია, ვინც ქვეყანა უნდა დატოვონ და საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას მისცეს საშუალება, გააგრძელოს გზა ევროპული და არა საბჭოთა საქართველოსკენ“, – დაწერა მაიკლ გალერმა.
მაიკ გალერის აღნიშნული პოსტი X-ზე გააზიარა შალვა პაპუაშილმა და დაწერა, რომ ამ ევროპარლამენტარი ამ პოსტით თავის ქვეყნის რეპუტაციას ბღალავს.
„ასეთი უხეში, დეჰუმანიზირებული ენა იმდენად საქართველოს ხელისუფლებას არ შეურაცხყოფს, რამდენადაც იმ ქვეყნის იმიჯს ბღალავს, რომელსაც ეს გერმანელი პოლიტიკოსი წარმოადგენს. ამ ატავისტური შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია ამ უღირსი პოსტის წაშლით ან მის გამო ბოდიშის მოხდით“, – დაწერა პაპუაშვილმა.




