“ოცნების” დეპუტატი საუბრობს EU-დან მიღებულ წერილზე და მათ წითელ ხაზებზე

“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მიიღო ევროკავშირის წერილი, რომელშიც საუბარია უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების პირობებზე.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილის ცნობით, წერილის შინაარსი 95%-ით თანხვედრაშია ვიზალიბერალიზაციის მე-7 ანგარიშის რეკომენდაციებთან.
„წლების განმავლობაში ევროკომისიასთან ვიყავით სამუშაო, კონსტრუქციულ რეჟიმში იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლას არანაირი პრობლემა არ შეექმნას. გუშინ რა წერილზე მითითებაც გააკეთა კაია კალასმა, ეს არის ევროკომისიის მეშვიდე ანგარიში უვიზო მიმოსვლის შესრულებაზე, რომელიც გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. პრაქტიკულად, თითქმის 95% იდენტურია ამ ანგარიშის. 95% არის იგივე რეკომენდაციები, ამიტომ თავს უფლებას მივცემ, რომ რამდენიმე საკითხი საჯაროდაც ვთქვა. რადგან კაია კალასმა ამორჩევით, მხოლოდ ერთზე გააკეთა მითითება, მეც მხოლოდ ამორჩევითად რამდენიმეზე გავაკეთებ მითითებას და საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად სამართლიანია ის მიდგომები და რეკომენდაციები, რომლებიც ევროკავშირს აქვს მოცემული“, — განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, როგორც ვიზალიბერალიზაციის მეშვიდე ანგარიშში, ისე ახალ წერილში ითხოვენ რამდენიმე კანონის გაუქმებას. კერძოდ, მოთხოვნილია გაუქმდეს უცხოური გავლენის გამჭვირვალეობისა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონების გაუქმებას, ასევე ასევე ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ისე შეიცვალოს, რომ ლგბტ პირების უფლებები სრულად დაცული იყოს.
„ეს არის ის, რასაც, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირი გვთავაზობს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა დევს სასწორზე, რომ ეს საკითხი დარეგულირებული იყოს. ევროკომისიასთან მუშაობას გავაგრძელებთ ისევე, როგორც სხვა 6 ანგარიშში მითითებულ საკითხებზე ვმუშაობდით. ეს სამუშაო პროცესია. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ როგორც მიგრაციის კონტროლზე, ასევე თავშესაფრის საკითხებზე, ანტიკორუფციულ საკითხებზე და ა.შ.“ — განაცხადა მახაშვილმა.
მისი აზრით, უვიზო მიმოსვლას შეჩერების საფრთხე არ ემუქრება.
„ამ წერილს შევისწავლით, გავაანალიზებთ, ვნახავთ რა შეიძლება გაკეთდეს. დამატებით რა შეიძლება გააკეთოს მაგალითად შს სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ და სხვა უწყებებმა, რომ ევროკავშირის არცერთ წევრ სახელმწიფოს არ ჰქონდეს იმის განცდა, რომ უვიზო რეჟიმის სისტემა შეიძლება ბოროტად იყოს გამოყენებული. ეს არის სამუშაო დოკუმენტი და ვნახავთ, სად არის რესურსი რომელიმე კანონის გაუქმების ან არ გაუქმების. ოღონდ როდესაც ევროკავშირი საქართველოსგან რომელიმე კანონის გაუქმებას ითხოვს, — წერილში არანაირი თარიღი არ არის დასახელებული, ზეპირად დაასახელეს 31 აგვისტო, შევახსენებ, რომ პარლამენტი ოფიციალურად მუშაობას 2 სექტემბრიდან იწყებს. ამიტომ ფიზიკურად ამ კანონების გაუქმება, რომ იყოს ამისი ნება, ვერ მოხდება. ავწონ-დავწონით, რა შეიძლება გაკეთდეს და არ გაკეთდეს. თავიდანვე შემიძლია ვთქვა, რომ არის რამდენიმე წითელი ხაზი, მათ შორის ოჯახურ ღირებულებებზე, ასევე ისეთ საკითხებზე, რაც კონსერვატიულ პოლიტიკურ იდეოლოგიას და მიდგომებს ეფუძნება, რომელიც ხელისუფლებას აქვს და რომლის საარჩევნო დაპირების საფუძველზეც გავიმარჯვეთ არჩევნებში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.