ოცნების დეპუტატი სამხარაძე მოქალაქეებს ურეკავს, აგინებს და ემუქრება

ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე მოქალაქეებს ურეკავს, აგინებს და ემუქრება. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია Facebook-ზე მოქალაქე ნათია გაბრავამ გაავრცელა.
მან გამოაქვეყნა სქრინი, სადაც ჩანს, რომ დიტო სამხარაძემ მას თავისი შვილის მიმართ მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნა დააბრალა, შემდეგ კი დაურეკა და დაემუქრა როგორც ნათია გაბრავას, ასევე მის მეგობარს.
“ჩვეულებრივი დაშინების მცდელობაა ეს ყველაფერი, რადგან მეტ-ნაკლებად აქტიური ადამიანი ვარ ამ პროცესებში და ყველა ხედავს, რომ აქტიურ ადამიანებს რას უკეთებენ – სცემენ, აშინებენ და ა.შ. და შესაბამისად, მგონია, რომ ეს არის ძალიან ფარსი, იაფფასიანი დადგმული პროვოკაცია, რაზეც ცდილობენ, რომ წამოგვაგონ, ჩვენ შევშინდეთ, სახლებში დავრჩეთ და მაგის გამო გარეთ არ გამოვიდეთ. საკმაოდ არასასიამოვნოა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მარტო საკუთარი თავი არ მაბარია, მყავს შვილი და რეალურად, ეს არის ჩემს მიერ გასაჯაროების ერთ-ერთი მიზეზი, რომ მინდოდა, ხალხს სცოდნოდა ეს ყველაფერი”, – ამბობს ნათია გაბრავა ფორმულასთან საუბრისას.