ოცნების და ენმ–ის ყოფილი წევრების ერთობლივი ბოიკოტი – რა მოხდა წალენჯიხაში?

წალენჯიხის მერია განცხადებას ავრცელებს, ალია განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
2024 წლის 11 ივნისს, წალენჯიხის საკრებულოს სხდომა არ შედგა ქვორუმის არარსებობის გამო. სხდომას არ ესწრებოდა ფრაქცია ქართული ოცნება, ასევე ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები ავთანდილ გაბელია და ეკა სამუშია. სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განიხილებოდა მერიისთვის ერთი შტატის დამატება, რომელიც ,,პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ საქართველოს კანონითაა დადგენილი. კანონის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა ისჯება 3000 ლარის ოდენობის ჯარიმით. სამწუხაროა, რომ ფრაქცია ქართული ოცნება, ავთანდილ გაბელია და ეკა სამუშია, ვერ აცნობიერებენ რას ნიშნავს კანონისმიერი ვალდებულება და რა შედეგები შესაძლოა მოყვეს კანონის შეუსრულებლობას. შესაბამისად, მერია ხელახლა გააგზავნის საკითხს განსახილველად და იმედს ვიტოვებთ, რომ ქართული ოცნება, ენმ-ს ყოფილი წევრები, ავთანდილ გაბელია და ეკა სამუშია შეასრულებენ მოსახლეობის მიერ მინიჭებული მანდატის შესაბამის ვალდებულებას, არ დააზიანებენ საკუთარი მუნიციპალიტეტის ინტერესებს, დაესწრებიან სხდომებს და იმსჯელებენ განსახილველ საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრებმა ბოიკოტი არ გამოუცხადონ საკითხის განხილვას, ისინი ვალდებულნი არიან პასუხისმგებლობით მოეპყრონ ყველა კონკრეტულ საკითხს და გამოთქვან საკუთარი აზრი ამასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტის მერია მზადაა კონსტრუქციულ რეჟიმში ითანამშრომლოს ყველასთან და გაითვალისწინოს როგორც მოსახლეობის, ასევე საკრებულოს წევრების რეკომენდაციები.