„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი, – რომელმაც პარლამენტში ომბუდსმენის მოსმენის შემდეგ უკმაყოფილება გამოხატა მისი ანგარიშით და აპარატში „რეორგანიზაციისკენ“ მოუწოდა, – ლევან იოსელიანისაგან „ოცნების“ წევრების და გარემოცვის სანქცირების წინააღმდეგ მოქმედებასაც ელის.
თეა წულუკიანმა სიტყვით გამოსვლისას იოსელიანს მიმართა და თქვა, რომ „ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ საკუთრების უფლების მასობრივი დარღვევებია მომხდარი“, ასევე, „არაერთ ადამიანს აუკრძალეს მიმოსვლის უფლება“.
„იმედია მიხვდებით რაზე ვსაუბრობ“, – მიმართა წულუკიანმა ლევან იოსელიანს და განმარტა:
„შარშან აუკრძალეს მიმოსვლის უფლება არაერთ ადამიანს, რომელიც საერთოდ არ არის პოლიტიკაში ჩართული და არის პოლიტიკოსის ოჯახის წევრი. იმიტომ, რომ შენი ქმარი, ცოლი, მეზობელი თუ ვიღაცა არის ჩართული „ქართული ოცნების“ მხარეს, იმას გადაადგილების უფლებებს უზღუდავენ. ეს არის ადამიანის კონსტიტუციური და კონვენციური უფლება. ეს არ არის თქვენი საქმე“?
წულუკიანის განცხადებით, ლევან იოსელიანს მთავრობისათვის უნდა მოეწოდებინა, ეჩივლა „ბრიტანეთის წინააღმდეგ“:
„თქვენ მაშინ უნდა მოგეწოდებინათ საქართველოს მთავრობისთვის, რომ შეიტანე საქმე სტრასბურგის სასამართლოში ბრიტანეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარიო. აი, ეს არის თქვენი საქმე. მე ამას არ უნდა ვიძახდე, თქვენ უნდა იძახდეთ“, – განაცხადა წულუკიანმა.
დასავლურ ქვეყნებს „ქართული ოცნების“ ლიდერების, წევრებისა და მათთან დაკავშირებული 200-ზე მეტი ადამიანისათვის აქვთ დაწესებული სხვადასხვა ტიპის სანქცია.
სანქცირების პოლიტიკა გააქტიურდა 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ – „ქართული ოცნების“ განცხადებისა და შემდგომი საპროტესტო დემონსტრაციების დარბევის ფონზე.
სანქცირებულთაგან 119-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის მიერ.
აშშ-მა 27 დეკემბერს დაუწესა ფინანსური სანქციები ბიძინა ივანიშვილს. ასევე, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, გდდ-ის ყოფილ დირექტორ ზვიად ხარაზიშვილსა და სხვებს. გომელაურმა და ხარაზიშვილმა, – რომლებიც სანქცირების შემდეგ დააჯილდოვეს, – პოსტები დატოვეს.
ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე მუშაობს ევროკავშირიც. ამას წევრი ქვეყნების კონსენსუსი სჭირდება, რაც უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის ფონზე ჯერ არ არის მიღწეული.
თუმცა, როგორც ევროკავშირის ელჩი აცხადებს, ამაზე მუშაობა გრძელდება; ამასთან, დასავლურ ქვეყნებს „ქართული ოცნების“ ლიდერების, წევრებისა და მათთან დაკავშირებული 200-ზე მეტი ადამიანისათვის აქვთ დაწესებული სხვადასხვა ტიპის სანქცია.
ბალტიის ქვეყნებმა, ჩეხეთმა, გერმანიამ და პოლონეთმა დამოუკიდებლად დააწესეს სავიზო სანქციები.
საქნციების დაწესება – საქნციების ტიპის მიხედვით, – სანქცირებულებს უზღუდავს ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობას, ასევე, სულ მცირე, სანქციის გამომცემი ქვეყნის ვალუტაში საბანკო ტრანზაქციებზე წვდომას.
ბრიტანეთის სანქციები
ბრიტანეთს ამ ეტაპზე ფინანსური სანქციები აქვს დაწესებული შემდეგი პირებისათვის:
· ვახტანგ გომელაური, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი – გადადგა სანქცირების შემდეგ;
· გიორგი გაბიტაშვილი, ყოფილი გენერალური პროკურორი – გადადგა სანქცირების შემდეგ;
· შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე;
· შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის (ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილის) მოადგილე მირზა კეზევაძე;
· კარლო კაციტაძე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი .
· მილერი ლაგაზაური, გდდ-ის უფროსის მოადგილე
· ალექსანდრე დარახველიძე, შს მინისტრის მოადგილე
· სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიტიის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი; სანქცირების შემდეგ დანიშნეს აჭარის მთავრობის მეთაურად;
· მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე;
· მოსამართლე ლევან მურუსიძე.
გაერთიანებულ სამეფოს ჯერჯერობით სანქციები არ დაუწესებია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისთვის, საპატიო თავმჯდომარისათვის, მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილისათვის.
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილი წინადადებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
წინადადებას, რომელიც 13 იანვარს წარადგინა თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლირიმ, 10 ივნისისთვის 27 ხელმომწერი/მხარდამჭერი ჰყავს.
ფორუმი
