„ოცნების“ აქციის გამო რუსთაველზე ტრანსპორტის მოძრაობა კვირა საღამოდან იზღუდება

კვირა საღამოდან ორშაბათის ჩათვლით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული, „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი დემონსტრაციის გამო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.
კერძოდ, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცნობით, შეზღუდვა:
· კვირას დილის 11 საათიდან გავრცელდება რუსთაველის გამზირზე, საავტობუსე ზოლზე;
· კვირა საღამოს 8 საათიდან, 29 აპრილის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება.
სააგენტოს ცნობით:
· სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით;
· მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
· მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით, თავისუფლების მოედანზე კი, გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
· მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, ს ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.
„რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის იმავე მარშრუტს – ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი იმოძრავებს ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების საშუალებით“, – აცხადებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.
კვირა საღამოს, 7 საათზე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციაა დაგეგმილი, ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით.
ორშაბათსვე, 29 აპრილს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს.
იმავე დღეს, დილის 9 საათზე, პარლამენტში დაგეგმილია „აგენტების კანონის“ მეორე საკომიტეტო მოსმენა.
პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით გატანის თარიღი დაზუსტებული ჯერ არ არის.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ