„ქართული ოცნება“ საკანომდებლო ცვლილებებს იღებს, რომლითაც კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს, ფაქტობრივად, პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალებათ.
„ოცნება“ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელს ამზადებს, რითაც იმ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას აპირებს, რომლებსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ქვეშ მოიაზრებს.
როგორც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ დღეს, 13 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათივე საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებულ სარჩელს მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შეიტანს. მისი თქმით, სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია.
საკონსტიტუციო სარჩელის შემდეგ ირაკლი კირცხალიამ სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლება.
რაც გულისხმობს შემდეგს:
· ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას, იქნება ეს სახელმწიფო პოლიტიკური თუ პოლიტიკური, ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები.
· ამგვარი პირები არა თუ ქვეყნის მართვაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, არამედ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასაც. მათ აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა, შიდა პარტიულ სტრუქტურებში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება, დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა.
· ხოლო კონსტიტუციის დაცვით მოქმედ პარტიებს მოუწევთ თავი შეიკავონ ამგვარ პირებთან რაიმე პოლიტიკურ-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისგან. მოქმედმა პარტიებმა არ უნდა გააწევრიანონ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში, არ უნდა წარადგინონ ისინი პარტიულ სიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება. ასევე პარტიები ამგვარი პირებისგან ვერ მიიღებენ შემოწირულებებს.
· იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პარტიები არ შეასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგალითად პარტიაში მიღებენ ისეთ პირს, რომელსაც აკრძალული აქვს პოლიტიკური პარტიის წევრობა, გამოიწვევს სისხლის სამართლებრივი წესით მათ დაჯარიმებას“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
