დღეს, 10 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა მზია ამაღლობელისათვის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემას.
„ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გაავრცელა დეზინფორმაცია მზია ამაღლობელის საქმის შესახებ ფაქტების დამახინჯებით.
„მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა არის ერთგვარი გაგრძელება იმ უსამართლო პოლიტიკური დამოკიდებულების ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც რამდენიმე წელია გაუჩერებლად გრძელდება“ – განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა, გიორგი გრძელიშვილმა.
„ოცნების“ სასამართლომ მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მზია ამაღლობელის ადვოკატების, ასევე კვალიფიცური უფლებადამცველების შეფასებით, განაჩენი უკანონოა და დაუსაბუთებელი.
„ოცნების“ განცხადებით გრძელიშვილმა გაახმოვანა, რომ თითქოს მზია ამაღლობელი „მიზანმიმართულად თავს დაესხა პოლიციელს“ „ყოველგვარი ემოციებისგან დაცლილი“ და „მსჯავრდებული ამაღლობელი მიზანმიმართული ძალადობისთვის სახელმწიფო ინსტიტუციებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს“.
ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 273 დღეა უკანონო პატიმარია. იგი გაასამართლეს სისხლის სამართლის წესით, მის საქმეში არაერთი ცრუმოწმე პოლიციელია.
მზია ამაღლობელის საქმე მიმდინარეობდა „ოცნების“ მის მიმართ მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანიის ფონზე, „ოცნების“ პრემიერი კობახიძე და პარტიის სხვა ლიდერები გამუდმებით არღვევდნენ მის უდანაშაულობის პრეზუმფციას. მზია ამაღლობელმა კობახიძის, მდინარაძის და სუბარის წინააღმდეგ სასამართლოსაც კი მიმართა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დაკავებას, სასამართლო პროცესებსა და განაჩენს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
