„ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ კვლავ მიაგებს პატივს კომუნისტურ ჩინეთს, რომელსაც იგი „მისაბაძ ზესახელმწიფოდ“ მოიხსენიებს“, – წერს კონგრესმენი უილსონი პლატფორმა X-ზე.
„MEGOBARI აქტი საჭიროა შუა დერეფანში ვაჭრობისა და კრიტიკულ მინერალებზე წვდომის შესანარჩუნებლად, ასევე ქართველებისთვის ძნელად მოპოვებული თავისუფლების შესანარჩუნებლად“, – წერს ის.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში იმყოფება და ჩინეთის მმართველ კომუნისტურ პარტიასთან „სტრატეგიულ შეხვედრებს“ მართავს „შუა დერეფანში“ საქართველოს როლთან დაკავშირებით, ასევე, პეკინთან „თანამშრომლობის გაღრმავების“ მიზნით.
პარტია „ქართულმა ოცნებამ” 27 ივლისს ფეისბუკზე გაავრცელა ჩინეთში ვიზიტის ამსახველი ფოტოები.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან:
· გიორგი (გია) ვოლსკი – „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და სადავო პარლამენტის ვიცე-სპიკერი;
· ნიკოლოზ სამხარაძე – პოლიტსაბჭოს წევრი და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე;
· მარიამ ლაშხი – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
· შოთა ბერეკაშვილი – ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე,
· გელა სამხარაული – აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ დელეგაცია შეხვდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ლიუ ძინჩაოს.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში იმყოფებოდა 2024 წლის იანვარშიც, – მაშინ დელეგაცია ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა (პრემიერად დანიშვნამდე).
ფორუმი