ამზადებს თუ არა “ქართული ოცნება” ნიადაგს ვენეციის კომისიის სავარაუდოდ კრიტიკული დასკვნის დისკრედიტაციისთვის – კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილის პარტიამ საერთაშორისო ინსტიტუტზე იერიში არაერთხელ მიიტანა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ პარტიების აკრძალვის კანონს საერთაშორისო ექსპერტები არაკონსტიტუციურად შეაფასებენ, ამიტომ მმართველი გუნდი ამისთვის წინასწარ ემზადება.
ეკა ბესელიამ, რომელიც ერთ დროს საპარლამენტო ასამბლეის წევრი იყო, კარგად იცის, რა გავლენა აქვს ვენეციის კომისიის დასკვნებს საერთაშორისო ასპარეზზე. ეს იცის “ქართულმა ოცნებამაც”, ამიტომ გავლენიან ინსტიტუტზე თავდასხმა შემთხვევითი არ არის.
პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” ერთადერთი მიზანი ახლა ძალაუფლების შენარჩუნებაა, რასაც მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოშორებით ახერხებს.
პოლიტიკის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ვენეციის კომისიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია მიზანმიმართულია. ივანიშვილის გუნდი ეყრდნობა შეერთებული შტატების მაგალითს, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მათ შორის, ვენეციის კომისიიდან გასვლა დააანონსა, თუმცა ექსპერტები განმარტავენ, რომ ეს შედარება არარელევანტურია, მაშინ როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანაა და მას ვალდებულებები აქვს აღებული.




