„ოცნება“ გახარიას პარტიის წევრებისთვის მანდატის შეწყვეტის პროცედურას იწყებს

„ქართული ოცნების“ პარლამენტი პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის პროცედურას იწყებს.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, დღეს, 26 ივნისს, კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გახარიას პარტიის წევრებისთვის, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო, მანდატების შეწყვეტის საკითხზე კომიტეტი, სავარაუდოდ, 30 ივნისს იმსჯელებს.
„დღემდე არსებული ინფორმაციით, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრების მხრიდან სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა და პარლამენტის დარღვევა ხდება. თუმცა ეს ჩვენი კომიტეტის მიერ მოწმდება, რომ არ მოხდეს არასწორი ინფორმაციის გაჟღერება. იქნება კონკრეტული შემოწმება [გახარიას პარტიის] 12-ვე დეპუტატის, თუ რამდენად არის მათი მხრიდან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი დარღვეული. ჩვენს კომიტეტს ტექნიკურად ევალება ამ საკითხის შემოწმება და დასკვნის გაკეთება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ 12 მანდატი მოიპოვა. თუმცა გახარიას პარტიას, მსგავსად ბარიერგადალახული სხვა ოპოზიციური პარტიებისა, მანდატები არ გამოუყენებია და პარლამენტში არ შესულა.
ამასთან, ბარიერგადალახული სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, გახარიას პარტიას საპარლამენტო სია არ ჩაუხსნია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ „ქართული ოცნება“ ამჟამად მანდატის მქონე 12 პირს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, გახარიას პარტიის სხვა წევრებს, რომლებიც სიაში პირველი 12 წევრის მერე მოდიან, შეუძლიათ პარლამენტში შევიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)