უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე, „ქართული ოცნება“ შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობას ისევ ამკაცრებს.
გამკაცრებული ცვლილებები „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ დღეს, 13 ოქტომბერს, წარადგინა.
მისი თქმით, ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. კერძოდ:
· შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბის დაფარვის, ცრემლსადენი ანდა მომწამვლელი ნივთირების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის, ან დროებით კონსტრუქციის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
· იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება იმ პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენილი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას 1 წლამდე ვადით. ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება გამოიწვევს 2 წლამდე ვადით პასუხისგებაში მიცემას.
· სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით. ამასთანევე, არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი.
