„ოცნება“ არ აპირებს გაითვალისწინოს „მოსკოვის მექანიზმის“ ძირითადი რეკომენდაციები

„ქართული ოცნება“ არ აპირებს გაითვალისწინოს ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გაცემული ძირითადი რეკომენდაციები.ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის ავტორს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, რაც პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა.მისი თქმით, დოკუმენტი შედგენილია იმ მანკიერი ვიწრო პოლიტიკური ინტერესის კარნახით, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის შექმნა დაეფუძნა„აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი და შესაბამისად, ის საქართველოში განვითარებული მოვლენების ობიექტურ ანალიზს ვერ ასახავს. ავტორი თავადვე აღნიშნავს, რომ დროის სიმწირის გამო, დოკუმენტი მოკლებულია სიღრმისეულობას. ეს არის ანგარიშის, ალბათ, ერთადერთი ზოგადი დასკვნა, რომელსაც სრულად შეგვიძლია დავეთანხმოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.ბრიფინგზე კობახიძემ განიხილა საკითხები, რომელთა შესახებაც „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში რეკომენდაციები გაიცა. თითქმის არცერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით კობახიძეს არ უთქვას, რომ „ქართული ოცნება“ გაითვალისწინებდა.„რაც შეეხება ანგარიშში განხილულ კონკრეტულ საკითხებს:პირველი – . საქართველოში შემდგარი არჩევნების მიმოხილვისას, ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო/ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ეუთოს და ოდირს არაერთგზის უხეშად დაესხა თავს. გარდა ამისა, ანგარიშის ავტორს დაავიწყდა იმის აღნიშვნაც, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე ზედიზედ მეორედ თქვა უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, რითაც სცადა ძირი გამოეთხარა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული სისტემისთვის. ანგარიშში ვერ ამოიკითხავთ ვერცერთ უარყოფით შეფასებას ოპოზიციის ამ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო. ანგარიშის ავტორს გამორჩა იმის აღნიშვნაც, რომ ბოლო საპარლამენტო და მუნიციპალური ჩატარდა ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც სამუშაო ჯგუფებში მრავალთვიანი სამუშაო პროცესის შედეგად ოპოზიციასთან შეჯერდა და რომელიც არჩევნების გაყალბებას სრულიად შეუძლებელს ხდის, რაზეც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წაგებამდე რადიკალური ოპოზიციაც ღიად საუბრობდა. მთლიანობაში, 2024 და 2025 წლის არჩევნების დემოკრატიულობის ეჭვქვეშ დაყენება ვერც მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორმა შეძლო.მეორე – გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა. ანგარიშის ავტორი ითხოვს გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის გაუქმებას ან სულ მცირე, არსებითად გადახედვას. სამწუხაროდ, მან სრულად უგულებელყო საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების 5 მცდელობა, რომელშიც უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართული. უნივერსალური სამართლებრივი პრინციპის თანახმად, ნებისმიერი გარე ჩარევა უცხო ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში უხეშად არღვევს სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს და შესაბამისად, დაუშვებელია. ეს უნივერსალური სამართლებრივი პრინციპი საქართველოში გასული წლების განმავლობაში სისტემატურად, სისტემურად, ღიად და უხეშად ირღვეოდა. ანგარიშის ავტორისთვის იოლი გასააზრებელი უნდა ყოფილიყო, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობის ლეგიტიმური მიზანია, სამომავლოდ დაიცვას საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის დემოკრატიული სისტემა ამგვარი უხეში გარე ჩარევებისგან. თუმცა, მან ამ მარტივი დასკვნის ანგარიშში ასახვისგან თავი შეიკავა. ანგარიშში არ არის წარმოდგენილი არცერთი ღირებული კრიტიკული შენიშვნა გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის წინააღმდეგ.მესამე – ანგარიშის ავტორი ითხოვს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას. უფრო კონკრეტულად, ის უარყოფითად აფასებს ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის პოპულარიზაციისა და სქესის შეცვლის წინააღმდეგ მიმართულ ნორმებს. ის, ასევე, უარყოფს მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ქალი ქალია და კაცი კაცი და მოითხოვს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერი მარტივად, შესაბამისი პირის შეხედულების მიხედვით შეიცვალოს. ასეთ მიდგომებს ქართული საზოგადოებისთვის დიდი ფასი რომ ვერ ექნება, ალბათ, სადაო არავისთვის უნდა იყოს.მეოთხე – სამართალდამცავი ორგანოების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება. ანგარიში მიუთითებს რადიკალური ოპოზიციისა და ძალადობაში ჩართული აქტივისტების მრავალრიცხოვან მინიშნებებზე წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის შესახებ. ობიექტური შემფასებელი მხედველობიდან არ გაუშვებდა იმ გარემოებას, რომ ძალადობის ორგანიზატორები და მოძალადეები ბუნებრივად იყვნენ დაინტერესებული, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ძალადობა დაებრალებინათ. თუმცა, ანგარიშის ავტორმა ობიექტური პოზიციის დაკავება ვერც ამ შემთხვევაში მოახერხა და ამგვარი პოლიტიკური და ინდივიდუალური ინტერესი ვარაუდის დონეზეც არ ახსენა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ავტორმა თავად წამების ვერცერთი ფაქტი მტკიცებითი ფორმით ვერ დაადგინა, სიტყვა „წამებას“ ის, მართალია არა მტკიცებითი ფორმით, მაგრამ მაინც, ანგარიშში მრავალგზის იყენებს. რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას, ამგვარი ფაქტები ძალადობრივი მიტინგების დროს ნამდვილად დაფიქსირდა, რაც ხელისუფლებამ მყისიერად დაგმო. მეტიც, ხელისუფლებამ ამგვარი ფაქტებიდან სათანადო პრაქტიკული დასკვნებიც გამოიტანა, რისი საუკეთესო დასტური 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები იყო. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეები ამ შემთხვევაშიც ძალიან სერიოზული იყო, სამართალდამცავმა ორგანოებმა ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა იმგვარად აღკვეთეს, რომ უმნიშვნელო ზიანიც კი არავის მიუღია.მეხუთე – კამპანიები ელჩებისა და სხვა ე.წ. კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად. ანგარიშის ავტორი ვერც ამ შემთხვევაში მალავს მიკერძოებას და ცალმხრივად საუბრობს ხელისუფლების რიტორიკაზე, მაშინ, როდესაც ხელისუფლების განცხადებები მხოლოდ პასუხია იმ პოლიტიკურ შტურმზე, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია, ე.წ. ენჯეოები და კონკრეტული ელჩები ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ აწარმოებენ. ანგარიშის ავტორს არც იმის ხსენება მოუნდა, რომ ევროკავშირის ელჩი საპარლამენტო არჩევნების წინ ღიად მოუწოდებდა ამომრჩეველს, არჩევნების დღეს ეაქტიურათ და ხმა მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ მიეცათ. ავტორს არც იმის გახსენება მოუნდა, რომ ეუთოს წევრი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები არჩევნების წინ თბილისში პოლიტიკურ სცენაზე ავიდნენ და ოპოზიციას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა. ამ ფონზე, ანგარიშს ჩვენი საზოგადოებისთვის, ბუნებრივია, ვერავითარი ფასი ვერ ექნება.მეექვსე – სამართლებრივი ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ. ანგარიშის ავტორი განსაკუთრებულად წუხს იმის გამო, რომ (1) საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეიტანეს სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით და (2) საქართველოს პროკურატურაში რამდენიმე მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ განხორციელებულ სავარაუდო საბოტაჟთან დაკავშირებით. ანგარიშის ავტორი საკონსტიტუციო სარჩელს თვითნებურს უწოდებს, რაც ღიმილისმომგვრელია, რადგან სარჩელი, თავისი ბუნებით, თვითნებური ვერ იქნება. ანგარიშის ავტორს, რომელიც, სხვათა შორის, იურისტია, ავიწყდება, რომ სამართლის უზენაესობა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი შეზღუდვა ვერცერთი უცხოელი ექსპერტის საქმე ვერ იქნება.მეშვიდე საკითხი – სხვადასხვა ცვლილება კანონმდებლობაში. ანგარიშის ავტორი უარყოფითად აფასებს კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც მედიას ობიექტურობის სტანდარტების დაცვას ავალდებულებს. ამ კონტექსტში, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის ირონიული ფაქტი, რომ საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ერთ-ერთი ინიციატორია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოში 2 წამყვანი ტელევიზიის დახურვა და გაჩუმება სცადა. ანგარიშის ავტორს, ასევე, არ მოსწონს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც 150, 100 და 50 ოპოზიციონერ აქტივისტს აღარ აძლევს შესაძლებლობას, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის წინააღმდეგ იძალადოს. შეგახსენებთ, რომ შესაბამისი კანონების მიღებამდე, 150 პოლიტიკურ აქტივისტს დედაქალაქის ცენტრალური გამზირი თითქმის ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა გადაკეტილი, რაც მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენაა. როდესაც ანგარიშის ავტორი ამგვარ კანონებს აპროტესტებს, ესეც მისი პოლიტიკური მიკერძოების უტყუარი ნიშანია“, – განაცხადა კობახიძემ.ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ არის ერთი რეკომენდაცია მაინც, რომლის გათვალისწინებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს, პასუხობს:„კი, მაგალითად, როცა საქმე ეხება არჩევნებში გამოვლენილ ხარვეზებს, ამაზე, ბუნებრივია, მუდმივად უნდა გაგრძელდეს მუშაობა. რაც შეეხება გადაცდომების პრევენციას, ეს არის ის, რაზეც მუდმივად უნდა ვიმუშაოთ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომელიც დაფუძნებულია სიცრუეზე, ამას არავითარი ფასი არ აქვს. რაც შეეხება კანონმდებლობას გამჭვირვალობის შესახებ, ოჯახური ღირებულებების შესახებ, ბუნებრივია, აქაც არ ვაპირებთ კანონმდებლობის გადახედვას. იგივე ეხება სხვა პუნქტებსაც, მედიის ობიექტურობას, შეკრების ნაწილში შემოღებულ რეგულაციებს და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ამასთან, კობახიძის თქმით, „მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატორ ქვეყნებს დემოკრატიას იქით ასწავლიან.„საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას,  მათ შორის „მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატორ არაერთ ქვეყანას იქით ასწავლოს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, შემწყნარებლობა, შეკრების თავისუფლება, მედიის თავისუფლება, მედია პლურალიზმი, პოლიტიკური პლურალიზმი, დემოკრატიული არჩევნები და  ბევრი სხვა რამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შესახებ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში 12 მარტს გამოქვეყნდა.ანგარიში განიხილავს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე მომხსენებელია პროფესორი პატრიცია გჟებიკი.როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ადგილი ჰქონდა დემოკრატიის მკვეთრ უკუსვლას. მომხსენებლის თანახმად, გამოიკვეთა მომიტინგეების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და სხვა სახის უფლებების დარღვევის სისტემური ხასიათი.ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობამ, სავარაუდოდ, წამების ზღვარს მიაღწია, რასაც თან ახლავს ამ დარღვევების ჩამდენთა თითქმის სრული დაუსჯელობა.მანდატის შესაბამისად, მომხსენებელმა შეაფასა მიმდინარე მოვლენები საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში და ამის საფუძველზე შეიმუშავა რეკომენდაციები საქართველოს, ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებისა და ფართო საერთაშორისო საზოგადოებისთვის.რეკომენდაციებს შორის არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება.ასევე, ეუთოს წევრ სახელმწიფოებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ განიხილონ მიზნობრივი სანქციების დაწესება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ანგარიშში აღწერილ განსაკუთრებით სერიოზულ დარღვევებზე.ამასთან, საერთაშორისო თანამეგობრობას ეძლევა რეკომენდაცია, განიხილონ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პირებისა და მათი პასუხისმგებელი ზემდგომების გასამართლება ეროვნულ სასამართლოებში, სადაც ეს შესაძლებელია, მათ შორის, უნივერსალური იურისდიქციის გამოყენების გზით. უნივერსალური იურისდიქციის გამოყენება სახელმწიფოებს აძლევს უფლებას, დასაჯონ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (მაგალითად, წამების) ჩამდენი პირები, მიუხედავად იმისა, სად მოხდა დანაშაული ან რომელი ქვეყნის მოქალაქეა დამნაშავე.რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ კრიტიკულ ანგარიშში