“ოცნებამ” 3 ცვლილება დააყენა, ბოლო პარაგრაფის წაშლას ითხოვენ – ჯაფარიძე

“ქართული ოცნების” დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის [PACE] მონიტორინგის კომიტეტის რეზოლუციის პროექტზე სამი შესწორება აქვთ დარეგისტრირებული. ივანიშვილის წარმომადგენლები ითხოვენ ახალი ს მოთხოვნის უკან წაღებას, ამბობენ, რომ ითანამშრომლებენ ასამბლეასთან და ითხოვენ ბოლო პარაგრაფის სრულად ამოღებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ აპრილში მათი უფლებამოსილების საკითხი გადაიხედება:
“ბოლო ინფორმაცია რაც არის, “ოცნებას” აქვს სამი ცვლილება დაყენებული. ერთი ეხება ახალი არჩევნების მოთხოვნას. წერენ, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი რატომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნებიო; მეორე ცვლილება დააყენეს, რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთო ევროსაბჭოსთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან და მოკლედ, კარგად მოვიქცევითო და მესამე – ბოლო პარაგრაფის წაშლას ითხოვენ დოკუმენტიდან, სადაც საუბარია იმაზე, რომ აპრილში უნდა მოხდეს გადახედვა ივანიშვილის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხის. არც ერთი აქედან არ გავა. გვქონდა კონსულტაციები აქ პოლიტიკურ ჯგუფებთან და ძალიან ცალსახაა, რომ ის დოკუმენტი, რომელიც არის, სავარაუდოდ, ცვლილებების გარეშე გავა” ამბობს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის პროექტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და 2025 წლის აპრილის სესიამდე უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, დღეს უყრიან კენჭს.