“ოცნებამ” საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია – კრიტიკისა და ს მოტივირებული შენიშვნების მიუხედავად, “ოცნების” უმრავლესობამ “საარჩევნო კოდექსში” შეტანილი ცვლილებები დაამტკიცა.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებას მხარი დაუჭირა 21-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი კი 61 წავიდა.
მეორე კენჭისყრით კი – 78 მომხრე 13 წინააღმდეგი – კანონპროექტი პირველადი რედაქცია დაამტკიცეს.
კანონის მიხედვით, იზღუდება პრეზიდენტის როლი – კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.
მიღებული ცვლილებების მიხედვით, კიდევ ერთხელ შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი. ამას გარდა, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.
კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.
ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები დამტკიცებულიყვნენ მაღალი კვორუმით, თუმცა არსებული ვარიანტით, საკმარისია უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატის ხმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ცვლილებები მესამე მოსმენით 20 თებერვალს მიიღო. როგორც ოპოზიციაში ამბობდნენ, ამ კანონპროექტით მმართველი გუნდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის დაქვემდებარებაში აქცევს. მათი თქმით, მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის არცერთ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს.