“ოცნებამ” დაასრულა უზენაესის მისთვის სასურველი მოსამართლეებით დაკომპლექტება – სასამართლოს გუშაგი

“სასამართლოს გუშაგის” შეფასებით, სამი ახალი მოსამართლის უვადოდ დამტკიცებით, “ქართულმა ოცნებამ” დაასრულა უზენაესის სასამართლოს მისთვის სასურველი მოსამართლეებით დაკომპლექტების პროცესი. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს, შესაძლოა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი ხელმისშემშლელი ფაქტორი გახდეს.
“ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად საქართველოსთვის განსაზღვრული პირობებიდან ერთ ერთი შეეხება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებას, რომლის ფარგლებშიც უნდა შეიქმნას სასამართლოში წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირების კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო მექანიზმი, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის დასკვნის თანახმად, კეთილსინდისიერების შემოწმება უნდა შეეხოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და სასამართლოების თავმჯდომარეებს. თუმცა, “ქართულმა ოცნებამ” არათუ არ დაიწყო მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნაზე მუშაობა, არამედ პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საკითხი დახურულადაც კი გამოაცხადეს. ეს კი სასამართლო სისტემას ართმევს საფუძვლიანი რეფორმირების სამომავლო პერსპექტივას. დღეს პარლამენტის მიერ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ლოიალური სამი მოსამართლის დაუმსახურებლად არჩევა სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება უარს აცხადებს კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნაზე, საქართველოს აშორებს ევროკავშირს და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ სხვა გამოწვევებთან ერთად, შესაძლოა, გახდეს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი”, – ვკითხულობთ “სასამართლოდ გუშაგის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, 27 ივნისს, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს წევრად სამი ახალი მოსამართლე დაამტკიცა. მათგან ერთი, გიზო უბილავა მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება, დანარჩენი ორი – ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი კი, 18 ოქტომბრიდან.
ეს გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იმიტომ მიიღო, რომ დღემდე უზენაესში მხოლოდ ერთი მოსამართლის ვაკანსია არსებობდა, დამატებით 2 ვაკანსია კი 18 ოქტომბრიდან გაჩნდება. კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოქტომბერში გამოთავისუფლებულ ადგილებზე დასანიშნად წევრები ახლავე შეარჩიეს და დაამტკიცეს.
გაიგეთ მეტი:
· შერჩევის შემდგომ ეტაპზე უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ვერ გადავიდა

ასევე დაგაინტერესებთ