თორნიკე შენგელიას ეროვნულ ნაკრებთან მიმართებით არაერთხელ ისეთი თავგანწირვა გამოუვლენია, მისგან თითქოს აღარაფერია გასაკვირი, მაგრამ რასაც თოკო ამჯერად აკეთებს, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. 27 და 30 ნოემბერს საქართველოს ნაკრებს 2 მატჩი ელის მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, რომელთაგან პირველი შეხვედრა, უკრაინასთან აუცილებლად მოსაგებია. მიუხედავად იმისა, რომ შენგელიამ 26 ნოემბერს თბილისიდან 4500 კილომეტრით დაშორებულ ბარსელონაში უნდა ითამაშოს, ის უკრაინასთან მატჩში მოედანზე იქნება და საქართველოს უკრაინასთან მატჩში დაეხმარება.
შეხვედრა ბარსელონაში თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება და რომ დამთავრდება, საქართველოში უკვე 27 ნოემბერი იქნება. გამოდის, შენგელიამ ერთი დღის განმავლობაში 2 მატჩი უნდა ითამაშოს. ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა ბავშვთა და ასაკობრივ ლიგებში, ასევე იყო შემთხვევები როცა კალათბურთელმა ჯერ ნბა-ს განვითარების ლიგაში ითამაშა და შემდეგ ნბა-ს ძირითად გუნდშიც მოუწია მოედანზე გასვლა, მაგრამ ასეთი რამ ისტორიაში ძალიან იშვიათად, ფაქტობრივად რამდენჯერმე მომხდარა. ამ შემთხვევებში მატჩები ერთ ქალაქში, უარეს შემთხვევაში, ერთ ქვეყანაში ტარდებოდა, თორნიკეს ამბავი კი სრულიად განსხვავებულია:
ვილერბანთან ევროლიგის მატჩის შემდეგ ის ბარსელონაში, თავის სახლში დაბრუნდება და გამოიძინებს, რადგან შემდეგ მას ამის დრო და პირობები უკრაინასთან მატჩამდე აღარ ექნება. ამიტომაც, თორნიკეს თბილისში ჩამოსვლა ასე დაიგეგმა: დილის 6:30 საათზე ის სახლიდან ბარსელონას ხოსეპ ტარადელასის სახელობის აეროპორტისკენ დაიძვრება და 8 საათზე, როცა დროის სხვაობის გამო საქართველოში 11:00 საათი იქნება, პირდაპირი რეისით სამშობლოში გამოფრინდება. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის დაშვება 15:50 საათზეა დაგეგმილი, ხოლო ჩამოფრენიდან დაახლოებით ერთ საათში თორნიკე უკრაინასთან მატჩზე გასასვლელად გამზადებულ საქართველოს ნაკრებს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” შეუერთდება.
ნაკრების კაპიტანს დასვენების დრო არ ექნება – ის ისადილებს, სასტუმროში გუნდის მატჩისწინა თათბირს დაესწრება და 18:45 საათზე ნაკრებთან ერთად თბილისი არენისკენ დაიძვრება, სადაც საქართველო – უკრაინის მატჩი 20:50 საათზე დაიწყება. ეს გახლავთ საქართველოს ნაკრების კაპიტნის კიდევ ერთი გმირობისა და ყველაზე დაუჯერებელი ქმედების ქრონოლოგია, რაც მოკლედ რომ ვთქვათ, ასე ჟღერს: ევროლიგაში მატჩს რომ დაასრულებს, 19 საათის შემდეგ, ბარსელონიდან 4500 კილომეტრით დაშორებულ თბილისში უკრაინის წინააღმდეგ სათამაშოდ გავა. ასეთი რამ არათუ კალათბურთში, არც ერთ გუნდური სპორტის სახეობაში არ მომხდარა.
როგორც თავში აღვნიშნეთ, შენგელიამ არაერთხელ გამოავლინა თავგანწირვა ნაკრებთან მიმართებით. მან დაარღვია სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ევროლიგაში მოთამაშე კალათბურთელები ნაკრებში არ მიდიოდნენ. მან ჯერ კიდევ 11 წლის წინ, “ჩიკაგო ბულსიდან” ესპანურ “ბასკონიაში” გადასვლის დროს კლუბს კონტრაქტში შეატანინა პუნქტი, რომლის ძალითაც ის ეროვნულ ნაკრებში თამაშებზე უნდა წასულიყო. მას ნაკრების არც ერთი მატჩი არ გამოუტოვებია იმის გამო, რომ ევროლიგაში მის კლუბს თამაში ჰქონდა.
ასეთი ფორსმაჟორული მოგზაურობა-თამაშების ამბავი მრავალია, თუმცა კიდევ ერთს გავიხსენებთ, რომელიც 3 წლის წინ, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის დასკნით ფანჯარაში მოხდა. მაშინ 3 დღის ინტერვალით საქართველოს ნაკრები ჯერ ჰოლანდიაში თამაშობდა, შემდეგ კი ისლანდიას თბილისში მასპინძლობდა. ამ მატჩებს შორის თორნიკეს იტალიურ კლუბ ვირტუსს ევროლიგაში თამაში ჰქონდა. სტანდარტული რეისებით ამ სამივე მატჩზე დასწრება შეუძლებელი იყო, რის გამოც მან ჩარტერული რეისით 4 დღის მანძილზე 3 ქვეყანა (ჰოლანდია, იტალია, საქართველო) მოიარა, თითოეულში უმაღლესი დონის მატჩები ჩაატარა და საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გაყვანა განსაზღვრა. (იხილეთ ამ ამბავთან დაკავშირებული მაშინდელი სტატია.)
საქართველოს ნაკრები ამჯერად მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატზე გასავლელად იწყებს ბრძოლას და საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ შეხვედრას 27 ნოემბერს თბილისში უკრაინასთან გამართავს. თორნიკე შენგელია ესპანეთიდან თამაშის დღეს გამოფრინდება და უკრაინასთან დიდი მნიშვნელობის მატჩში საქართველოს კვლავ უკაპიტნებს.
GBF
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება – ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
შენგელიას ჩამოსვლა წარმოუდგენელია – საქართველოს ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით “თბილისი არენაზე” ივარჯიშა
მაკფადენი დაბრუნდა – საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
თორნიკე შენგელიამ თავის ყოფილ გუნდს 10 ქულა ჩაუგდო – “ბარსელონამ” გაიმარჯვა
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება – ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
“მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, გარიგება სწრაფად შედგა” – შენგელიას “ბარსელონას” ახალი მწვრთნელი ჰყავს
“როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა” – ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან
შედეგმაც არ დააყოვნა – საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
“მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ” – მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა
შენგელიას ჩამოსვლა წარმოუდგენელია – საქართველოს ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით “თბილისი არენაზე” ივარჯიშა
მაკფადენი დაბრუნდა – საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს




