ორ დღეში ღაზის სექტორში 14 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა

შაბათსა და კვირას ღაზის სექტორში ს თავდაცვის არმიის (ცაჰალი) 14 ჯარისკაცი დაიღუპა. ეს არის ყველაზე მძიმე დანაკარგები ჰამასის (რომელიც შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში აღიარებულია, როგორც ტერორისტული დაჯგუფება) წინააღმდეგ დაწყებული ისრაელის სახმელეთო ოპერაციის დროს.
საერთო ჯამში, ოფიციალური მონაცემებით, ღაზაში ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 153 ჯარისკაცი დაიღუპა. ეს უფრო მეტია, ვიდრე 2006 წელს ლიბანის ომის დროს. საერთო ჯამში, 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ 486 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.
როგორც Associated Press-ი აღნიშნავს ისრაელის ჯარისკაცებს შორის დიდი დანაკარგები შეიძლება მიუთითებდეს, რომ მიუხედავად შეტევითი ოპერაციისა, ჯიჰადისტებს კვლავაც უწევენ წინააღმდეგობას ისრაელის არმიას.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეტანიაჰუს განცხადებით, ღაზაში ომი ძალიან მძიმე ფასის გადახდას ითხოვს, მაგრამ ისრაელს სხვა არჩევანი არ აქვს, „გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა”, – აღნიშნულია ბენიამინ ნეტანიაჰუს განცხადებაში.

7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმას 1200-ზე მეტი ისრაელელი ემსხვერპლა, მათი დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი.
ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის მხრიდან წარმოებულ საპასუხო ომს ღაზის სექტორში ემსხვერპლა 20 ათასამდე ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.
გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს ღაზის სექტორში საკვებთან დაკავშირებული უმძიმესი მდგომარეობის გამო.
საკვების უსაფრთხოების ფაზების დამდგენი ორგანიზაციის (IPC) მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ღაზაში 2 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი ემუქრება.
FAO აცხადებს, რომ სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.