ორნელას მიუწვდომელი სექსუალურობა
არა, ორნელა მუტი სახელგანთქმული დირიჟორის, რიკარდო მუტის ნათესავი არ არის. „ორნელა მუტი“ ფსევდონიმია, რომელიც კინორეჟისორმა დამიანო დამიანიმ მოუგონა, როცა 15 წლის ფრანჩესკა რიველი თავის ფილმში, „ყველაზე ლამაზ ცოლში“(1970) გადაიღო. ორნელა მუტიმ მაფიასთან დაპირისპირებული გოგოს როლი შეასრულა. დამიანიმ არა მარტო თავიდან „მონათლა“, არამედ, ფაქტობრივად, ორნელა მუტის იმიჯიც შექმნა – სილამაზე და ამბოხება ქალში, რომელიც იზიდავს მამაკაცებს, მაგრამ მაინცდამაინც ახლოს არ უშვებს. 70-იან და 80-იან წლებში მსახიობი სექს-სიმბოლოდ გადაიქცევა, ხშირად ჩნდება ეროტიკულ სცენებში (განსაკუთრებით კომედიებში) და სკანდალურ ფოტოსესიებში. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ორნელა თითქმის არასდროს ყოფილა „ექსპლუატაციის მსხვერპლი“ . პირიქით, ხშირად თავად აკონტროლებდა საკუთარ იმიჯს… და საკმაოდ წარმატებითაც. იტალიურ კინოს ბევრი არ ჰყავს ვარსკვლავი, რომელიც შეძლებს იმოძრაოს კომერციულ და საავტორო კინოს შორის. ითამაშოს ისეთ სერიოზულ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: მარკო ფერერი, ფოლკერ შლენდორფი, დინო რიზი, ფრანჩესკო როზი, მარიო მონიჩელი, და ამავე დროს არ თქვას უარი იაფფასიან ეროტიკულ კომედიებში გადაღებაზე… იქ, სადაც თავისი “ჯანმრთელი სექსუალურობის” გამოხატვის საშუალება ექნება.
საბჭოთა კავშირში, სადაც ევროპულ საავტორო კინოს ნაკლებად სწყალობდნენ (განსაკუთრებით მარკო ფერერის ფილმებს), ასეთი სექს-ვარსკვლავი იდეალური საშუალება აღმოჩნდა კინოდარბაზების შესავსებად. სექსუალურია, მაგრამ ბოლომდე არ შიშვლდება, მამაკაცებს იზიდავს, მაგრამ „ლოგინის“ ნატურალისტურ სცენებზე უარს ამბობს (იმიჯს უფრთხილდება). „ჭირვეულის მორჯულებამ“ (1980), რომელშიც ორნელა მუტი და ადრიანო ჩელენტანო ერთად ვიხილეთ, სუპერპოპულარული გახადა მსახიობი. მით უმეტეს, რომ ფილმის პრემიერის შემდეგ ხმა გავრცელდა (ჭორები საბჭოთა კავშირში ვრცელდებოდა, თუ ვრცელდებოდა!), რომ გადაღების პროცესში ორნელამ ქმარს უღალატა და ჩელენტანოსთან გააბა რომანი. თავიდან ორივე მსახიობი მათი რომანის ამბავს „ყვითელი პრესის ფანტაზიით“ ხსნიდა, თუმცა მრავალი წლის შემდეგ ორნელა მუტის რომელიღაც ტელეშოუში კვლავ გაახსენეს ჩელენტანო. მსახიობმა აღიარა, რომ სიყვარულის ისტორია სიმართლე იყო და ღიმილით დაუმატა: „გადაღების დროს ხშირია ასეთი ხანმოკლე რომანები“.
დიდი ავტორებიდან, ვფიქრობ, ორნელა მუტის, როგორც მსახიობის, შესაძლებლობები ყველაზე უკეთ მარკო ფერერიმ გამოიყენა. ფერერის ფილმების ერთ-ერთი მთავარი თემა მამაკაცური იდენტობის სრული მოშლაა. ამ პროცესს ორნელა განსაკუთრებით საინტერესოდ „აჩქარებს“. ჰეტეროსექსუალურ ფანტაზიებში მუტის პერსონაჟები სურვილის ობიექტები ხდებიან. კამერა მის სხეულს განიხილავს როგორც ფეტიშს მამაკაცისთვის. მაგრამ მოულოდნელად ორნელას პერსონაჟი არ ასრულებს იმ როლს, რასაც სიუჟეტი მოითხოვს. ორნელა მუტი, როგორც ცდუნება მამაკაცისთვის, ხშირად წარმოდგენილია ჰიპერსექსუალურ კოსტიუმებში, გახსნილ კაბებში… მისი თამაში თითქმის ყოველთვის გადაჭარბებულია, სტილიზებული, მაგრამ არ ჯდება „ჰეტერონორმალურ წესრიგში“. არანაირად არ არის „დედობრივი“, „მზრუნველი“, „მეოჯახე“ ქალის ტიპი. განსხვავებით თუნდაც სოფია ლორენისგან, რომელსაც ზოგჯერ ადარებენ ხოლმე.
მოკლედ, სად ორნელა და სად „ოჯახური სიწმინდეები“.




