საქართველოში სუპერმარკეტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელის, „ორი ნაბიჯის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი ჩხეიძე აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ძალაუფლების ერთპიროვნული მმართველია. მისი თქმით, ივანიშვილმა ბოროტად ისარგებლა ხალხის ნდობით.
„ძალიან სამწუხაროა, რომ მან ბოროტად ისარგებლა ხალხის დიდი ნდობითა და მხარდაჭერით, ტყუილის, სიყალბის, უღირსობისა და სიძულვილის კორიანტელში გადააგდო ქვეყანა. უღალატა ყველა იმ იდეალსა თუ მიზანს, რის გამოც თავის დროს ხალხმა აირჩია და ახლა უარესი ფორმით იმეორებს იმ ქმედებებს, რის გამოც ხალხმა წინა ხელისუფლებაზე უარი თქვა…
ივანიშვილმა დაამყარა ერთპიროვნული, არაფორმალური მმართველობა, დაიქვემდებარა სასამართლო ხელისუფლება და მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია. ამით მან საქართველოს მოუსპო რეალური სახელმწიფო ფუნქციები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა. გახდა ქვეყნის ერთპიროვნული ხელმძღვანელი. ამით მან დაამხო ქვეყნის კონსტიტუციური წყობა და დაამყარა ავტორიტარული რეჟიმი“, – წერს ჩხეიძე ფეისბუკში.
„ორი ნაბიჯის“ მეწილე ამბობს, რომ პარლამენტთან შეკრებილი ადამიანები მოითხოვენ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომელიც 35 წლის წინ, 1988-89 წლებში ბრძოლით მოიპოვეს.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეძლებს ბოლომდე ბრძოლას და გამარჯვებას. აქ უკვე დასათმობი აღარაფერია და გონივრულიც და ჭკვიანურიც სწორედ ბრძოლა და მხოლოდ ბრძოლაა – თავისუფლებისთვის ბრძოლა“, – აცხადებს ის.
გიორგი ჭეიშვილს „ორ ნაბიჯის“ 33,33% ეკუთვნის, დანარჩენი 66,66% თანაბრად ნაწილდება გოჩა ცქიტიშვილსა და კახა ბექაურზე. ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეა – ამ უწყებას წინასაარჩევნო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების გამო ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიები სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში ადანაშაულებდნენ.
მეცამეტე დღეა თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ “პოლიტპატიმრებად” მოიხსენიებენ.
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის სამასზე მეტი მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა.
გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.