„ორი კომპონენტია – სახელმწიფო შესყიდვა და მოხმარება, საიდანაც გამომდინარეობს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელსაც ეკონომიკურ აქტივობას ვერ დავარქმევთ“ – რამაზ გერლიანი
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში ქვეყნის ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა. სტატისტიკური მაჩვენებელი ოთხ პარამეტრზე დაყრდნობით იანგარიშება. ესენია: ინვესტიციები, იმპორტ-ექსპორტი, მოხმარება და სახელმწიფოს შესყიდვები. ,,კომერსანტი“ დაინტერესდა, რამ განაპირობა მარტში ეკონომიკის ზრდის აღნიშნული მაჩვენებელი. ეკონომისტი რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ 9%-იანი მაჩვენებელი მოხმარებისა და სახელმწიფო შესყიდვების ზრდამ განაპირობა.
,,იმპორტ-ექსპორტში გარღვევა გვაქვს საკმაოდ მაღალი. უარყოფითი ბალანსი უფრო მეტია, ვიდრე აქამდე იყო. იმპორტ-ექსპორტში უარყოფითი სალდო კიდევ უფრო გაიზარდა შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შესაბამისად, ვერ განაპირობებდა (ეკონომიკურ ზრდას). ინვესტიციებში არ გვაქვს ზრდა, არის კლება. მოხმარებისა და სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში არის ზრდა. შესაბამისად, მხოლოდ ეს ორი პარამეტრი რჩება – სახელმწიფო შესყიდვა და მოხმარება. სხვა დანარჩენში აშკარად არ გვაქვს ზრდა. შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს ზრდის მაჩვენებელი, რომელსაც ეკონომიკურ აქტივობას ვერ დავარქმევთ. ასეთი ტიპის ზრდას ძალიან პესიმისტურად ვუყურებ მიუხედავად იმისა, რომ საზომად მაინც ვიყენებთ.’’- აცხადებს რამაზ გერლიანი.
ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელ კიდევ ერთ მიზეზად რამაზ გერლიანი დასაქმების ნაწილში მიდგომის ცვლილებას ასახელებს. – ,,დასაქმება მანამდე სახელმწიფო შესყიდვებში იყო სოციალურ ხარჯად და სოციალური ხარჯები, ასე ვთქვათ არ შედიოდა ეკონომიკური ზრდის ნაწილში. როდესაც დასაქმების პროგრამა დაიწყეს და რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დაასაქმეს და მათთვის ბიუჯეტიდან გადახდილ თანხებს დაერქვა ხელფასი, შესაბამისად ეს ხელფასი შედის უკვე მთლიან შიდა პროდუქტში და აისახება ეკონომიკაში. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი.’’- განმარტავს ეკონომისტი ,,კომერსანტთან“ საუბარში.
რამაზ გერლიანი სტატისტიკური მონაცემებით მანიპულაციაზე მიუთითებს. ეკონომისტი განმარტავს, რომ სტატისტიკის სამსახური არ ასაჯაროებს იმ ფორმულას, რომლის მიხედვითაც მონაცემს ადგენს. რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ არსებული რიცხვიდან გადახრა +-3%-ს შეადგენს. სტატისტიკის სამსახური კი მას ყოველთვის მეტობით ითვლის. აქედან გამომდინარე რეალური ზრდის მაჩვენებელი შესაძლოა 6% იყოს. ეკონომისტის შეფასებით 11%-იანი ზრდაც არასაკმარისია საქართველოსთვის.
,,ფორმულას სამწუხაროდ არ ასაჯაროებენ და მეცნიერებს არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ დეტალურად ჩავხედოთ. გადახრა შეიძლება იყოს ძალიან დიდი. გადახრა შეიძლება იყოს +-3%. სტატისტიკა ყოველთვის იღებს პლუსით. ის ავტონომიურობის ნაწილში ცოტა მოიკოჭლებს ჩვენნაირ ქვეყნებში. მეტობით ამრგვალებენ და მინუსით არ იღებენ. შესაბამისად, შეიძლება ყოფილიყო 6%. მაგრამ მნიშვნელობა მაგას არ აქვს 6 იქნება თუ 10. იმიტომ, რომ ეს არის ძალიან ცოტა. ხშირად ვხედავთ, რომ არის საუბარი, პირობითად ვადარებთ 10 წლის წინანდელ ეკონომიკურ ზრდას. იყენებენ ნომინალურ მაჩვენებელს ანუ ინფლაციის დონის გათვალისწინებით. ასეთი მანიპულაციებით შეიძლება ძალიან დიდი ზრდაც კი აჩვენო. ვგულისხმობ იმას, რომ ზრდაში ყოველთვის უნდა დააკონკრეტონ და უნდა თქვან ერთი სიტყვა. უნდა თქვან ან რეალური ან ნომინალური. უბრალოდ ეკონომიკურ ზრდას რომ ამბობენ და იქ ჩერდებიან ასე არ არის. ნომინალში გაიზარდა თუ რეალურად გაიზარდა საჭიროა ყოველთვის დაკონკრეტდეს.’’- აცხადებს ეკონომისტი ,,კომერსანტთან“ საუბარში.
