ორგანოთა გადანერგვის კანონი ძალაშია – ვის შეუძლია დონორად დარეგისტრირება

ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონი ძალაშია. კანონს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა და ის საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.
კანონის თანახმად, პირს უფლება აქვს, სიცოცხლეში, დონორთა ეროვნულ რეესტრში დარეგისტრირდეს და ამით განაცხადოს ინფორმირებული თანხმობა გარდაცვალების შემდეგ გადასანერგად მისი ორგანოს (ორგანოების) უანგარო დონაციაზე. დონაციაზე თანხმობის განცხადების უფლება აქვს მხოლოდ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს.
ამასთან, პირს უფლება აქვს, გადაწყვეტილება შეცვალოს და ნებისმიერ დროს უარი თქვას დონორობაზე.
დონორთა ეროვნული რეესტრის შექმნისა და წარმოების წესი მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.
კანონის მიხედვით, აკრძალულია ორგანოს დონაციის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების ან ნებისმიერი სხვა სარგებლის მიღება, შეთავაზება ან მიცემა. ასევე აკრძალულია ორგანოებით ვაჭრობა.
კანონში გაწერილია ის პირობები, როცა დონაციის განხორციელებაა შესაძლებელი. კერძოდ, პირი გარდაცვლილად მიიჩნევა სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის სრული და შეუქცევი შეწყვეტის (გულის შეუქცევი გაჩერება და სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა) ან თავის ტვინის ფუნქციის სრული და შეუქცევი შეწყვეტის (თავის ტვინის სიკვდილი) დადგენის შემთხვევაში, რასაც დაადასტურებენ სათანადო კვალიფიკაციის მქონე, გამოცდილი ექიმები.
თუ გარდაცვლილი პირი დონორთა ეროვნულ რეესტრში რეგისტრირებული არ არის და სიცოცხლეში არ განუცხადებია უარი დონაციაზე, მისი ორგანოს (ორგანოების) დონაციაზე თანხმობის განცხადების უფლება აქვთ მასთან ნათესაური კავშირის მქონე სრულწლოვან, ქმედუნარიან პირებს. ესენია: მეუღლე, შვილი, მშობელი, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი, და, ძმა, დისშვილი, ძმისშვილი, ბებია, პაპა, დეიდა, მამიდა, ბიძა, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი.
სამედიცინო დაწესებულებებმა, სადაც ორგანოთა გადანერგვა მოხდება, 2025 წლის 1 ივლისამდე შესაბამისი ლიცენზია უნდა მოიპოვონ. ლიცენზიის ღირებულება 300 ლარია.
რაც შეეხება საკითხის ფინანსურ მხარეს, გადანერგვის სახელმწიფო მომსახურება და ფუნქციონირება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
კანონის შესაბამისად განხორციელებული სამედიცინო პროცედურები შეიძლება დაფინანსდეს გადანერგვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ანაზღაურების მოდელისა და ტარიფების/ხარჯების შესახებ ინსტრუქციის თანახმად.

ასევე დაგაინტერესებთ