უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ფლორიდაში შეხვდა შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომელიც რესპუბლიკელების კანდიდატია 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. ივლისის დასაწყისში ორბანი „სამშვიდობო მისიით“ იმყოფებოდა კიევსა და მოსკოვში, შემდეგ კი მოლაპარაკება გამართა ჩინეთში.
ინფორმაცია ტრამპის რეზიდენცია მარ-ა-ლაგოში გამართული შეხვედრის შესახებ ორბანმა 12 ივლისს გაავრცელა სოციალური ქსელით X. მანამდე სააგენტო Bloomberg-ი იუწყებოდა, რომ ვაშინგტონში, ნატოს სამიტის შემდეგ ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპთან შესახვედრად ფლორიდაში ჩავიდოდა.
„სამშვიდობო მისია 5.0”, – დაწერა ორბანმა ტრამპთან შეხვედრის შემდეგ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, განიხილეს მშვიდობის მიღწევის გზები და დღის კარგი ახალი ამბავია ის, რომ ტრამპი ამ პრობლემის მოგვარებას აპირებს.
ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში ორბანს მადლობა გადაუხადა და დაწერა, რომ მშვიდობამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაისადგუროს. ტრამპის თანახმად, საკმაოდ ბევრი ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც არ უნდა დაწყებულიყო.
ევროკავშირის და ნატოს წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც კრემლთან კარგი ურთიერთობა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც შეინარჩუნა, „სამშვიდობო მისიით“ 2 ივლისს იმყოფებოდა კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, ხოლო 5 ივლისს მოსკოვში მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ორბანმა ზელენსკის შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა და ამის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება, რაზეც უარი მიიღო. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან შორსაა, მაგრამ მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
კიევის და მოსკოვის შემდეგ, 8 ივლისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პეკინში ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან.
ევროკავშირმა და ნატომ განაცხადეს, რომ ორბანი მათი სახელით და უფლებამოსილებით არ მოქმედებს.
1 ივლისიდან უნგრეთი ექვსი თვით გახდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა.
ტრამპმა ორბანს ფლორიდაში, თავის რეზიდენციაში უმასპინძლა 2024 წლის მარტშიც. მაშინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად „მკაფიო ხედვა“ აქვს.
დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში ომს სწრაფად დაასრულებს. როგორ – არ დაუკონკრეტებია. ტრამპს პრეზიდენტობის პერიოდში ხშირად აკრიტიკებდნენ რუსეთის პრეზიდენტ პუტინისადმი სიმპათიის გამო.