ევროკავშირი შეთანხმდა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების გამოყოფაზე. კიევი თანხას ევროკავშირის ბიუჯეტიდან მიიღებს.
„მივაღწიეთ შეთანხმებას. ყველა [წევრი სახელმწიფოს] ლიდერი შეთანხმდა დამატებით 50-მილიარდიან დახმარებაზე უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ეს უზრუნველყოფს უკრაინის ხანგრძლივ და პროგნოზირებად დაფინანსებას. ევროკავშირი უკრაინის დახმარებაში პასუხისმგებლობას იჩენს, ვიცით, რა დგას სასწორზე“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დღეს, 1 თებერვალს.
მიშელს არ დაუკონკრეტებია შეთანხმების დეტალები, რომლის მიღწევაც აქამდე უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობის გამო ვერ ხერხდებოდა.
თუმცა Financial Times წერს, რომ შეთანხმება მოხერხდა ორბანის, მიშელის, ევროკომიიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკავშირის სამი ყველაზე ძლიერი ქვეყნის ლიდერების – ოლაფ შოლცის, ემანუელ მაკრონის და ჯორჯია მელონის შეხვედრის შემდეგ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის ლიდერები ყოველწლიურად გამართავენ კონსულტაციებს დახმარების გამოყენებაზე, ხოლო ორ წელიწადში დახმარების გამოყოფის გადახედვაც იქნება შესაძლებელი.
„ორბანი გონს მოვიდა“, – ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ დიპლომატს, რომელსაც მოლაპარაკებებზე აქვს ინფორმაცია. აქამდე FT წერდა, რომ ევროკავშირი მზად იყო, უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიეღო, თუ ბუდაპეშტი მაინც დაბლოკავდა უკრაინის დახმარებას.