ოპოზიციური პარტიები ოფისებზე პლაკატების გაკვრის ამსახველ მასალებს ავრცელებენ

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ავრცელებენ ვიდეო და ფოტომასალას, სადაც ჩანს, როგორ აკრავენ ნიღბიანი პირები 8-9 მაისის ღამეს მათ ოფისებზე პლაკატებს.
“გვიან ღამით, “ქართული ოცნების” მიერ ჩვენს თანამოქალაქეებზე ორგანიზებული თავდასხმების შემდეგ, პარტია “ახალის” ოფისზე სუს-ის ნიღბიანმა თანამშრომლებმა, რომლებიც “შკოდას” მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, ზიზღის შემცველი პოსტერები გააკრეს და გააკეთეს წარწერები”. – წერს პარტია ახალი და ფაქტის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.
ნიღბიანმა პირებმა პლაკატები გააკრეს გირჩი-დროას ოფისთანაც. სათვალთვალო კამერით გადაღებულ ფოტოებს გირჩი-მეტი თავისუფლება საკუთარ Facebook-გვერდზე ავრცელებს.
“აგენტები”, “ერის მტერი”, “აგენტების შტაბი” – რეჟიმმა წარწერები და პლაკატები რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების სახლებსა და მანქანებზე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ოფისებზე 8-9 მაისის ღამეს დატოვა.
მანამდე, 8 მაისის ღამეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ პროტესტის მონაწილეებს, ენმ-ს წევრს, დიმა ჩიქოვანს, ზურაბ ჯაფარიძის ძმას, გია ჯაფარიძესა და ორბორბლიანთა მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს.