რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო РИА Новости აქვეყნებს საავტორო სვეტს სათაურით „აფხაზური ოპოზიცია ემზადება რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობაში დასაბრუნებლად“. სტატიის ავტორი ირინა ალკსნისი რუსი და საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწის ვიქტორ ალკსნისის ქალიშვილია.
ის წერს, რომ აფხაზური ოპოზიცია „დარვინის სახელმწიფო-პოლიტიკური პრემიის მთავარი პრეტენდენტია“.
ტექსტში მითითებულია, რომ „მცირე ქვეყანა აფხაზეთი“ “ორ სხვას შორისაა ჩაჩხერილი”.
„ერთ მათგანთან – საქართველოსთან მას დამოუკიდებლობისთვის ომი ჰქონდა 30 წლის წინ და ის კვლავინდებურად ოცნებობს თავისი დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებაზე. მეორე მეზობელი – რუსეთი – მთელი ამ წლების განმავლობაში უზრუნველყოფს აფხაზეთის დაცვას ყველა მიმართულებით“.
რია ნოვოსტის ავტორის სიტყვებით „ფაქტობრივად მოსკოვია აფხაზეთის არსებობს გარანტორი“, „30 წელზე მეტია რუსეთი იცავდა აფხაზეთს, ამარაგებდა, აფინანსებდა და თავის ხარჯზე გამომუშავების შესაძლებლობას აძლევდა“ მაგრამ დროთა განმავლობაში აფხაზეთი სულ უფრო „ნაკლებით უპასუხებდა“. ავტორი ირწმუნება, რომ „მოსკოვს მოჰბეზრდა საქმის ამგვარი მდგომარეობა“ და მან „აფხაზეთთან ურთიერთობას უფრო გაწონასწორებული ხასიათი შესძინა“.
ირინა ალკსნისი აკრიტიკებს აფხაზურ ოპოზიციას „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმებისადმი“ წინააღმდეგობის გამო.
„აფხაზური ოპოზიცია ირწმუნა, რომ მოცემული შეთანხმება, ისევე როგორც, სხვა ახალი ნაბიჯები, რესპუბლიკას სუვერენიტეტს გამოაცლის და მას ძირფესვიანად რუსი ოლიგარქები შეიძენენ. ამ არგუმენტების სიყალბის განხილვას დიდი აზრი არ აქვს. საკმარისია აღინიშნოს, რომ სუვერენიტეტში ყოველთვის დამოუკიდებლად იხდიან. ანუ თუ აფხაზურ ოპოზიციას რუსეთის წინადადება არ მოსწონს, საქართველო ხელგაშლილი ელოდება რესპუბლიკას“.
საავტორო სვეტში РИА Новости-მ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ილუსტრაცია – სავარაუდოდ, რუსეთში გასაყიდად გამზადებული ციტრუსით დატვირთული ხიდის ფოტო გამოაქვეყნა.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ რუსეთმა შესაძლოა მოქალაქეობა ჩამოართვას რამდენიმე აფხაზ „დეპუტატს“ და საზოგადო მოღვაწეს. გარდა ამის სოხუმში „რუსეთის ელჩმა“ ოპოზიციონერებს „მარგინალები“ უწოდა.
რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და “აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას” შორის “აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ” შეთანხმების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ შეთანხმება “აფხაზეთის ინტერესების პირდაპირი ჩაბარებაა”. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა მისი რატიფიცირება შესაძლოა 15 ნოემბერს მოახდინოს. ოპოზიცია “საკანონმდებლო ორგანოდან” მის გაწვევას მოითხოვს და მასობრივი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება.