“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, ერევანში გამართულ აქციაზე მოძრაობა “სამშობლოსათვის” მხარდამჭერებმა მოითხოვეს ნიკოლ ფაშინიანის, როგორც “მთიანი ყარაბაღში ეთნიკური წმენდის თანამონაწილის” პასუხისგებაში მიცემა. მათ წარადგინეს შესაბამისი განცხადება სომხეთის გენერალურ პროკურატურაში.
მოძრაობის ლიდერმა, ბაგრატ გალსტანიანმა აქციაზე განაცხადა, რომ სომხეთის სამართალდამცავმა უწყებებმა ნიკოლ ფაშინიანი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე უნდა დააყენონ.
მისივე თქმით, ფაშინიანმა თავისი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ სომხების ეთნიკურ წმენდაში მთიან ყარაბაღში.
“გარდა ამისა, ფაშინიანი უნდა დაისაჯოს კონსტიტუციური კანონის დარღვევისთვის, კერძოდ, მან გაეროში განაცხადა, რომ თუ კონსტიტუცია ეწინააღმდეგება სამშვიდობო ხელშეკრულებას, მაშინ ის შეიცვლებოდა”, – აღნიშნა საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა.
სომხეთში ანტისახელისუფლებო მოძრაობის “სამშობლოს სახელით” ლიდერმა ბაგრატ გალსტანიანმა მოუწოდა სომხეთის მოქალაქეებს, გამოვიდნენ ერევანში გამართულ აქციაზე და ბრძოლის ახალ ეტაპს შეუერთდნენ.
“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, პირველ ოქტომბერს გავრცელებულ მიმართვაში მთავარეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის საღამოს ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი აქცია პოლიტიკური ბრძოლის გამარჯვებული ეტაპის დასაწყისი იქნება.
“ბრძოლა იქნება თანმიმდევრული, უწყვეტი, დამაჯერებელი და მომთმენი”, – თქვა გალსტანიანმა და აღნიშნა, რომ მის მხარდამჭერებს “არ აქვთ უფლება დაუშვან შეცდომები ქვეყნისთვის ასეთ საბედისწერო პერიოდში”.
მისივე თქმით, სომხეთის მოქალაქეებს აღარ აქვთ “დრო იმედგაცრუებისთვის, მოწყალების, უმწეობისა და დისკუსიისთვის”.
“მოვიდა ერთიანობისა და მოქმედების დრო და მე მთლიანად ვუძღვნი თავს ამ ბრძოლას”, – განაცხადა გალსტანიანმა.
მოძრაობის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ მისი მხარდამჭერები მიაღწევენ ფაშინიანის გადადგომას, რომელსაც მან თავის მიმართვაში “ანტიქრისტე” უწოდა.
2024 წლის 19 მარტს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დაიწყო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი. მისი თქმით, აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღზე კონტროლის დამყარების შემდეგ, ეს საკითხი ხელს უშლის ორ სახელმწიფოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას.
23 აპრილს, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიეს პირველ შეთანხმებას საზღვრის დადგენაზე ბოლოდროინდელი სამხედრო დაპირისპირებების შემდეგ, რასაც სომხეთში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
23 აპრილიდან ერევანში დაიწყო საპროტესტო აქციები ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, რისი მიზეზიც მთიანი ყარაბაღის დათმობა და აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციაა.
პროტესტის სათავეშია სასულიერო პირი, ტავუშის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი და მხარს უჭერს სომხური ოპოზიცია. ბაგრატ გალსტანიანი და მისი მომხრეები ერევანში ტავუშიდან 5-დღიანი მარშის შემდეგ ჩავიდნენ.
9 მაისს მასშტაბური აქცია გაიმართა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ბაგრატ გალსტანიანმა მომიტინგეებს გაფიცვისა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.