ონში „რიონი ჰესის“ მშენებლობა იგეგმება

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ონის მუნიციპალიტეტში „რიონი ჰესის“ მშენებლობა-ექსპლუატაციაზე სკოპინგის დასკვნა გასცა.
სააგენტომ „რიონის ჰესის“ მშენებელ შპს „ეიჯი რიონი ჰაიდროს“ სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტის მომზადება დაავალა.
ცნობისთვის, შპს „ეიჯი რიონი ჰაიდრო“ ონის მუნიციპალიტეტში 21.4 მგვტ დადგმული სიმძლავრის „რიონი ჰესის“ მშენებლობას გეგმავს. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ონიდან დაახლოებით 20 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე რიონი-ჭანჭახის შესართავთან.
„პროექტის მიზანია მდინარე რიონის ბუნებრივი ხარჯის გამოყენება ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის. ამ მიზნით მდინარის კალაპოტის საპროექტო კვეთში დაგეგმილია დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მოწყობა.
საპროექტო ჰესის ნაგებობათა კომპლექსში შედის: სათავე ნაგებობა (წყალმიმღები ნაგებობა , თევზსავალი, სამომსახურო შენობები, გამრეცხი რაბი, წყალმიმღები; სალექარი, სადაწნეო აუზი) მისგან გამომავალი მიწისქვეშა სადაწნეო მილსადენი საპროექტო ჰესამდე და თვით საპროექტო ჰესის შენობა.
საპროექტო „რიონი ჰესი“ ითვალისწინებს 21.40 მგვტ დადგმულ სიმძლავრეს, 104 982 540 კვვტ.სთ. წლიური გამომუშავებით“, – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში.
კომპანიის ინფორმაციით, ჰესის მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე, სულ დასაქმდება 80-მდე ადამიანი, მათ შორის 20-50%-მდე ადგილობრივი მუშახელი, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდგომ – პროექტის ექსპლუატაციის ეტაპზე ჯამში 20-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული.
რაც შეეხება პროექტის განმახორციელებელ კომპანიას, შპს „ეიჯი რიონი ჰაიდრო“ საჯარო რეესტრში 2022 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის წილების 97%-ს შპს „ეიჯი რაჭა ენერჯი“, ხოლო დარჩენილ 3%-ს სს „რიონის ენერგია“ ფლობს.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი