ონლაინმედია პარლამენტში არ შეუშვეს. „ტყუილია“ – ამბობს ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც „აგენტების კანონს” განიხილავენ, არ დაუშვეს ონლაინმედია და პრესა. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი ამტკიცებს, რომ ეს დეზინფორმაციაა.
რატომ შეეზღუდათ ონლაინმედიისა და პრესის აკრედიტებულ წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლა პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით? – ეს კითხვა თავდაპირველად პოლიტიკური ჯგუფის, “ევროოპტიმისტების” წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ დასვა. კითხვას კომიტეტის სხდომაზე კამათი და ხმაური მოჰყვა.
„ტყუილია – ჩემი ვალდებულებაა დეზინფორმაციის დროს გავთიშო მიკროფონი და ვთქვა სიმართლე“, – თქვა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა და დაამატა:
„თქვენ როდესაც ამბობთ, რომ ბევრს არ მიეცა დასწრების საშუალება, არის ტყუილი. მედიაორგანიზაციების სახელით ვინც ითხოვა დასწრება, ყველას მივეცით საშუალება. დეზინფორმაციის შემთხვევაში გავთიშავ ყველა მიკროფონს“.
საქართველოს პარლამენტში ონლაინმედიისა და პრესის წარმომადგენლებს შესვლა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეეზღუდათ. საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების მოტივით ახსნეს. დამატებითი განმარტება არ გაკეთებულა. საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონის“ განმხილველ საკომიტეტო მოსმენაზე არ დაუშვეს რადიო თავისუფლების აკრედიტებული ჟურნალისტიც.
იმ ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ დაუშვეს, საქართველოს პარლამენტის წინ მართავს აქციას და „აგენტების კანონის“ გაწვევას მოითხოვს. საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ სადავო კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებიც.
„მედიაადვოკატირების სახელით ვინც ითხოვა დასწრება, ყველა დაშვებულია“, – ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. ის გულისხმობს მედიაადვოკატირების კოალიციას, რომელიც მედიაექსპერტებითა და ჟურნალისტებითაა დაკომპლექტებული.
“ვაყენებ წინადადებას, საზოგადოებას მიაწოდოთ სრული სია, ვინ მოგმართათ და ვის მიეცა თანხმობა. გვჭირდება დასაბუთება, რატომ არ არიან დაშვებულები ის ადამიანები, ვისზეც თანხმობა არ გაეცით”, – ამბობს „ლელოს” დეპუტატი .
ანრი ოხანაშვილი დეზინფორმაციაში დაადანაშაულა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ:
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, რომ თქვენ ძალიან ბევრი მედია და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისაც უშუალოდ ეხება ეს კანონი, არ დაუშვით სხდომაზე”, – თქვა თინა ბოკუჩავამ.
15 აპრილს, “აგენტების კანონის” განხილვის დაწყების პარალელურად, საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების წესები გაამკაცრეს. ამ დღეს საკანონმდებლო ორგანოში სრულად იზღუდება ვიზიტორების შესვლა, პარლამენტიდან მუშაობის უფლება არ ეძლევათ ონლაინმედიის ჟურნალისტებს. სადავო კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენას და გაშუქებას საქართველოს პარლამენტში ვერც ის ჟურნალისტები ვერ შეძლებენ, ვისაც თავად პარლამენტის მიერ გაცემული აკრედიტაცია აქვს.
პარლამენტი მედიის მუშაობის შეზღუდვას უსაფრთხოების ნორმებით ხსნის. “აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, – წერია საქართველოს პარლამენტის 14 აპრილის საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას დასაბუთება არ ახლავს თან. მასში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ 15 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში “უსაფრთხოების ყვითელი დონე” იმოქმედებს. საფრთხის დონეების მიხედვით დაყოფის წესის შემოღება საქართველოს პარლამენტში მოქმედი თავმჯდომარის, ს ინიციატივა იყო. ამ წესის მიხედვით, ყვითელი დონე საშუალებას იძლევა, შეიზღუდოს ჟურნალისტის სპეციალური აკრედიტაციის გაცემა ან/და აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტს შეეზღუდოს საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლა.
პარლამენტში ონლაინმედიისთვის დისკრიმინაციული წესის ამოქმედების ფონია “რუსულ კანონად” წოდებული “აგენტების კანონის” დაბრუნება განსახილველად – ეს კანონპროექტი “ქართულმა ოცნებამ” 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციების და დასავლეთიდან მძლავრი კრიტიკის შედეგად უკან გაიწვია. კანონის უკან დაბრუნების აუცილებლობას ხელისუფლება “გამჭვირვალობის პრობლემებით” ხსნის – მთავრობა, რომელიც არასამთავრობო სექტორისა და მედიის ნაწილს “უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებად” მოიაზრებს, თავად წლებია უარს ამბობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოქვეყნებასა და გაცემაზე.

ასევე დაგაინტერესებთ