მოსამართლემ სახალხო დამცველის წარმომადგენელიც კი არ დაუშვა პროცესზე. ასეთი რაღაც პრაქტიკაში არ არსებულა და არც გამიგია, – ამის შესახებ იუმორისტ ონისე ცხადაძის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ლაშა ცუცქირიძის თქმით, გარდა სახალხო დამცველისა, სასამართლო სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს.
„სისხლის სამართლის პროცესი, რომელიც ნაწილობრივ იყო დახურული და მხოლოდ მედიას არ ჰქონდა შეზღუდული დასწრების შესაძლებლობა, ჩვენი შუამდგომლობის მიუხედავად [მოსამართლემ] მაინც არ გახსნა. დამატებით, ხაზგასასმელად უნდა აღინიშნოს ის, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელიც კი არ დაუშვა პროცესზე. ასეთი რაღაც პრაქტიკაში არ არსებულა და მეც არ გამიგია. წარმოუდგენელი რაღაცაა, როცა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს პროცესზე არ დაუშვებ და პროცესი არ გახსნა მათ შორის სახალხო დამცველისთვისაც. არა მარტო სახალხო დამცველს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს არ მისცა მოსამართლემ პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, ჩვენი შუამდგომლობის მიუხედავად, არც კი განიხილა ჩვენს მიერ დაყენებული შუამდგომლობა“, – განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
ასევე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ჯანო არჩაიასა და გურამ მირცხულავას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ აღნიშნა, რომ სასამართლოსთვის ორი კვირაც არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ საქმეზე სამართლებრივი არგუმენტაცია ჰქონოდა.
„მოსამართლემ არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია – ბრალდების მხარეს ფაქტობრივად აღიარებული ჰქონდა ფაქტი, რომ ამოღებული ვიდეო-მასალები საქმეზე კანონის არსებითი დარღვევით იყო დამაგრებული. მიუხედავად ამისა, [მოსამართლემ] კანონის დარღვევით მოპოვებული ვიდეო- მასალა საქმეზე დატოვა. გასულ სასამართლო სხდომებზე ჩვენ გვქონდა გადაცემული წერილობითი პოზიციები მათ დაუშვებლობასთან დაკავშირებით. სასამართლოს, თითქმის, ორი კვირა ჰქონდა პოზიციის მოსამზადებლად – რატომ უშვებდა გარკვეულ მტკიცებულებას ან რატომ არ უშვებდა, როგორც წესი, მოსამართლეებს მსგავსი ფუფუნება არ აქვთ. ორი კვირაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ სასამართლოს სამართლებრივი არგუმენტაცია მოეფიქრებინა. უბრალოდ, ფორმალურად თქვა, რომ არ აკმაყოფილებს, რაც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ინდიკატორი უნდა იყოს, რა სტანდარტით იქნება მიღებული ამ მტკიცებულებების დაშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება“, – განაცხადა მან.
ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე მიუთითებს „ორგანიზებულ დანაშაულზე“, თუმცა არცერთი მტკიცებულება არ აქვთ წარმოდგენილი, რომ ბრალდებულები ერთმანეთს იცნობდნენ, შესაბამისად, დაცვის მხარე თვლის, რომ მათ მიმართ სამართლებრივი დევნა უნდა შეწყვეტილიყო.
„არა თუ დადასტურებული მტკიცებულება, არამედ მინიშნებაც კი არ არსებობს ამ ადამიანების [ბრალდებულების] ნაცნობობასთან დაკავშირებით, საკმარისზე მეტი ინფორმაციაა იმისთვის, რომ დევნა ამ ეტაპზე შეწყვეტილიყო.
ბუნებაში არ მოიძებნება არანაირი არგუმენტი ჩვენი პოზიციების საწინააღმდეგოდ, ყოველგვარი ახსნისა და განმარტების გარეშე უბრალოდ სასამართლომ უარი თქვა ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე“, – განაცხადა ომარ ფურცელაძემ.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. საქმის არსებითი განხილვა 2 აპრილს ჩაინიშნა.
