რუსეთის ეკონომიკა შეიძლებოდა ყოფილიყო 5%-ით მეტი, ვლადიმერ პუტინს რომ არ დაეწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამ დასკვნამდე მივიდა აშშ-ს ხაზინა, წერს Financial Times დეპარტამენტის ანგარიშზე დაყრდნობით.
უკრაინაში შეჭრამ და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციამ ხელი შეუწყო ხარჯების სწრაფ ზრდას, რუბლის გაუფასურებას, ინფლაციის მატებას და დაძაბულობას შრომის ბაზარზე“, აღნიშნავს მოხსენების ავტორი, აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტის მთავარი ეკონომისტი (OFAC), რეიჩელ ლინგასი.
მისი აზრით, ომის, დასავლეთის სანქციებისა და მოსკოვის საპასუხო ქმედებების ერთობლიობა რუსეთში „მნიშვნელოვან ეკონომიკურ სტრესს“ იწვევს.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მონაცემებით, რუსეთმა დახარჯა 100 მილიარდ დოლარზე მეტი თავდაცვაზე, რაც 2023 წლისთვის დაგეგმილი საერთო ხარჯების თითქმის მესამედია. ამის გამო კრემლს მოუწია უარი ეთქვა ზოგიერთი კატეგორიის საჯარო მოხელეთა ხელფასის დაგეგმილ ზრდაზე, მიუხედავად 7,5%-იანი ინფლაციისა.
ამასთან, 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, კრემლი თავდაცვისა და ძალოვანი სტრუქტურებისთვის 14 ტრილიონი რუბლის, ანუ ბიუჯეტის მთელი ხარჯების 38%-ის დახარჯვას გეგმავს.
აშშ-ს ხაზინა ასევე თვლის, რომ რუსული ნავთობის ფასის ზღვარი, ევროკავშირის ემბარგოსთან ერთად, საზღვაო ნავთობის მიწოდებაზე რუსეთიდან, „დაეხმარა მოსკოვის საექსპორტო შემოსავლების შემცირებას და აიძულა რუსი ექსპორტიორები შესთავაზონ მნიშვნელოვანი ფასდაკლებები დამკვეთებს“.
ამავდროულად, დასავლური სანქციები აიძულებს რუსეთს მიმართოს „მისი მიწოდების ჯაჭვების ძვირად ღირებულ რესტრუქტურიზაციას დაბალი ხარისხის შემცვლელი საქონლის იმპორტს“, ნათქვამია აშშ-ს ხაზინის ანგარიშში.
დოკუმენტში ყურადღებაა გამოახვილებული რუსეთიდან ემიგრაციის ზრდაზე, რომელმაც 2022 წელს ისტორიულ მაქსიმუმს, 668 ათას ადამიანს მიაღწია.