ომბუდსმენმა დაიწყო ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა

სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ომბუდსმენის აპარატში განუცხადეს. უწყების თანახმად, ელოდებიან დამატებით დოკუმენტაციას, რის წარდგენასაც ნადარეიშვილი დღეს აპირებს.
ანი ნადარეიშვილმა სახალხო დამცველს 5 იანვარს მიმართა, მისი თქმით, მასზე და მის ოჯახზე განხორციელებული დარღვევების შესწავლის მიზნით. მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, მათ მიმართ განხორციელებული ქმედებები ადამიანის უფლებათა კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებით დაცული უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევაა.
ომბუდსმენისადმი განცხადებაში ის წერს სხვადასხვა უწყების მიერ ჩადენილ დარღვევებზე, ძალის გადამეტებაზე, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზე იმისთვის, რომ დაკითხვაზე ბაჩო ახალაიას თავისი და მეგობრების წინააღმდეგ მიეცა ჩვენება.
ანი ნადარეიშვილი ასევე ითხოვს თავისი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრას და სასამართლოს მიერ სხდომის დახურვის გადაწყვეტილების შეფასებას.
“ეს წერილები საერთაშორისო პროცესების საფუძველია, არ არსებობს საერთაშორისო ინსტანცია, რომელიც რეაგირებს სიტყვებზე. რეაგირებენ მტკიცებულებებზე. ჩემი ყველა მიმართვა არის მომავალი სარჩელის ნაწილი. მე არ ველოდები მათ სამართლიანობას, მე ვაშიშვლებ მათ უსამართლობას და ვწერ არა იმიტომ, რომ მჯერა მათი, ვწერ იმიტომ, რომ საზოგადოებამ და მსოფლიომ დაინახოს, თუ როგორ მოქმედებს რეჟიმი, როცა მას პასუხის გაცემას სთხოვენ. ეს არის წინააღმდეგობის სამართლებრივი ფორმა და ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ისინი ვეღარ გაექცევიან”, – წერს ანი ნადარეიშვილი პოსტში.
თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. პროკურატურამ სხდომის დახურვის ერთ-ერთ არგუმენტად დაასახელა ამ საქმეში მოწმეთა შორის სუსის თანამშრომლების ყოფნა და მათი პერსონალური ინფორმაციის დაცვა.
რას ედავებიან ბაჩო ახალაიას?
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ „ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს“.
· 26 დეკემბერს, საღამოს ახალაია საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. სუსის განცხადების თანახმად, თავდაპირველად დააკავეს მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილიც, შემდეგ კი გამოუშვეს.
· 25 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ „საქართველოში [4 ოქტომბრის მოვლენების] მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია“.
· სუსის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ „საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება“, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე აწ უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან, – „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრებთან, მათ შორის პაატა ბურჭულაძესთან, – 4 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან მათს დაკავებამდე ჯამში 343-ჯერ შედგა კომუნიკაცია – „სატელეფონო ინტერნეტ-კომუნიკაცია ინტერნეტ-აპლიკაციების მეშვეობით“.
ბაჩო ახალაიას ცოლმა „სრული აბსურდი“ უწოდა სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამის დასტურად თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბაჩო ახალაიას პირადი მობილური ტელეფონი არ აქვს იდენტიფიცირებული.
ფორუმი