ომბუდსმენი შსს-ს: არ გამოიყენოთ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ

საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველის გმაზირზე მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ომბუდსმენის თქმით, აქციაზე მოვლენები პერიოდულად იძაბება, რა დროსაც სამართალდამცავები იყენებენ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. ასევე, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ვრცელდება ჩანაწერები სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე.
ომბუდსმენის თქმით, ვრცელდება ინფორმაცია ჟურნალისტების დაშავების თაობაზეც:
„ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე და პირველადი შეფასებით, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სამართალდამცავთა მხრიდან ნებისმიერი სახის ძალისა თუ სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს, დაუშვებელია სპეციალური საშუალებების (მათ შორის, ე.წ.)წიწაკის სპრეის) დამიზნებით სახეში გამოყენება. ნებისმიერი სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უძღვოდეს გაფრთხილება.
პროტესტის მონაწილეებს უნდა მიეცეთ გონივრული ვადა პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. ასევე, მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს არ შეეშალოთ ხელი საქმიანობაში და უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს უფლებამოსილების განხორციელებისას არ გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, არ გამოიყენონ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში“ — აცხადებს სახალხო დამცველი.
ამავე დროს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს.
ამასთან, სახალხო დამცველი მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შეისწავლოს ძალის გადამეტების ფაქტები და შედეგების თაობაზე მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება.

ასევე დაგაინტერესებთ