ომბუდსმენი ტელეფონით დამუქრებაზე: შიშის გაჩენა დემოკრატიული პროცესების დამაზიანებელია

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საგამოძიებო უწყებებს, დაიწყოს გამოძიება „აგენტების კანონის“ მომხრეთა მიმართ დაწყებულ სატელეფონო მუქარაზე. ომბუდსმენი აცხადებს, რომ შიშის გაჩენა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების დამაზიანებელია.
„დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს და გამოიწვევს თვითცენზურას საკუთარი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით, ხოლო იმათ, ვინც ამისგან თავს არ შეიკავებენ, ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მათ გამოხატვას შესაძლოა სხვადასხვა ფორმით ანგარიშსწორება მოჰყვეს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.
დამატებით, ის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეახსენებს თმენის ვალდებულების შესახებ.
„გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ან/და ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია სახელმწიფოს ან საზოგადოების რომელიმე ჯგუფისთვის…
იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე ჯგუფისთვის მიუღებელია მოქალაქეების მიერ გამოხატული კრიტიკული მოსაზრებები და სამოქალაქო პოზიციების დაფიქსირება, ეს გამოხატვის თავისუფლებით დაცული სიკეთეა და აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის“, – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სწორედ „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ დაფიქსირებულ პოზიციას და ასევე, სატელეფონო ზარით განხორციელებულ მუქარას უკავშირებენ ძალადობას ის ადამიანები, რომლებსაც 8 მაისის ღამეს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მეორე დღეა დაუდგენელი პირები „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს პირად სატელეფონო ნომრებზე ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან.
ამ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას თბილისში ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა – მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ წელს ამ კანონპროექტს მიიღებენ.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე სხვა პოლიტიკოსებსაც სცემეს. პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი .
„აგენტების კანონის“ მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.
ფორუმი