ომბუდსმენი მზია ამაღლობელზე შიმშილობის მე-20 დღეს: მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი უკვე მე-20 დღეა შიმშილობს.
განცხადება გამოქვეყნდა ომბუდსმენის აპარატთან დაგეგმილი აქციის გამართვამდე ორი საათით ადრე. მოქალაქეები დღეს, 31 იანვარს, 17:00 საათზე აპირებენ სახალხო დამცველისთვის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე კითხვების დასმას.
„სად არის ექიმების კონსილიუმი?.. რატომ არ აყალიბებს კონსილიუმს ლევან] იოსელიანი [სახალხო დამცველი] მზია ამაღლობელისთვის? რატომ ვერაფერს მივაღწიეთ შიმშილობის მეოცე დღეს, როცა ქალს უკვე გადაადგილება ძალიან უჭირს? თუ საბოლოოდ და უიმედოდ „გაქოცდა“ ომბუდსმენი?“ – წერს „ფეისბუკში“ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ბაია პატარაია.
ომბუდსმენის განცხადება ბაია პატარაიას მიერ წამოჭრილ საკითხებს ეხმაურება. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ „არც თავად მზია ამაღლობელს, არც მის ოჯახს და არც მის კანონიერ წარმომადგენლებს, მსგავსი მოთხოვნა [კონსილიუმის შექმნაზე] არ დაუყენებიათ“.
„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ მას დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს მისი გართულების რისკი“, – წერია სახალხო დამცველის გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ მისმა წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მერვედ მოინახულეს.
უწყების განმარტებით, ამაღლობელს უტარდება სამედიცინო კვლევები და იმყოფება ინტენსიური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ამავე განცხადებით ირკვევა, რომ ჟურნალისტს უახლესი კვლევები მიმდინარე კვირაში ჩაუტარდა (დღე დაკონკრეტებული არ არის), რომლის შედეგებიც მისმა ადვოკატებმა დღეს და გუშინ, 30 და 31 იანვარს მიიღეს.
„სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი, არ ერთვებოდა და არ ერთვება პატიმრების მკურნალობის პროცესში. ჩვენი მანდატი პატიმრისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე მონიტორინგია, რაც ბრალდებულების და მსჯავრდებულების ჯანდაცვის უფლებას უკავშირდება“, – წერია განცხადებაში.