ომბუდსმენის აპარატი: აბაშიძე ძალოვანთა მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ზეწოლაზე საუბრობს

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, უჩა აბაშიძე ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეირაცხყოფაზე საუბრობს. ომბუდსმენის წარმომადგენელი აბაშიძეს შეხვდა. აპარატის ინფორმაციით, სამხედრო ბლოგერი სახლის ჩხრეკის პერიოდში სისტემატურად ითხოვდა ადვოკატის შეშვებას, თუმცა უშედეგოდ.
“სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გასული ღამის განმავლობაში 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომელიც ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაცია უკვე მიეწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
ამასთან, დაკავებულმა, სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას აღნიშნა, რომ მისი სახლის ჩხრეკის პერიოდში იგი სისტემატურად ითხოვდა ადვოკატების შეშვებას, თუმცა უშედეგოდ.
სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ დაკავებულს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად მოხდეს მისი დაცვის უფლების რეალიზება. სახალხო დამცველი შეისწავლის ადვოკატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტის ეპიზოდსაც” – წერია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატის ცნობითვე, არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდა ასევე დაკავებულთა ნაწილიც, რომელთა შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე პოლიციელებმა სახლიდან რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ გაიყვანეს. ადვოკატებს საგამოძიებო მოქმედებების უდიდესი დროის განმავლობაში ადგილზე არ უშვებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა სამთავრობო უწყების ვებგვერდზებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა აბაშიძის #22 ნომერში, საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
უჩა აბაშიძე დააკავეს სიხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს.
დაკავებამდე პოლიციელებმა ბლოგერის სახლიდან ნივთები გაიტანეს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გუშინ, 9 მაისის ღამეს პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე 11 ადამიანი დააკავა, მათგან 5 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ტაბულა დაუკავშირდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტს, მათი ინფორმაციით დაკავებულთა შორის არიან გუგა მიქებერიძე და ზურა ეგეტაშვილი, რომლებიც ამ დრომდე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. დაკავებულია ასევე ვატო ბჟალავა, რომელიც ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული.