ოლქები არ ხდიან სადავოდ, რომ კამერები ყველგან იდგა და ბიულეტენები ჟონავდა – ქურდოვანიძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, საოლქო კომისიები სადავოდ ფაქტებს ბიულეტენების მეორე მხარეს მარკერის კვალის გადასვლისა და ხმის მთვლელ აპარატებთან კამერების არსებობის შესახებ. ქურდოვანიძის ინფორმაციით, კომისიებმა ხმის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე პასუხისმგებლობა ამომრჩევლებს დააკისრეს.
“ოლქებმა უკვე ჩაგვაბარეს გადაწყვეტილებები ხმის ფარულობის საკითხზე. არც კი ხდიან სადავოდ იმას, რომ კამერები ყველგან იდგა და ბიულეტენები ჟონავდა. ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ყველაფერი ამომრჩეველს დააბრალოს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ცესკო გვეუბნება, რომ ბიულეტენი კი ჟონავს, მაგრამ ამომრჩეველი თუ მოხერხებული იქნებოდა, შეძლებდა დაეფარა გაფერადებული წრე უკანა მხარეს, რომელიც წესით მარტო წინა მხარეს უნდა ჩანდეს. 24 მოსამართლეს, ვისაც დღეს და ხვალ ჩვენი 24 სარჩელი დაეწერება, ეძლევა შანსი, ეს აბსურდი დაასრულოს”, – წერს ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.
ორგანიზაცია საოლქო კომისიების გადაწყვეტილებას სასამართლოებში გაასაჩივრებს. ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ხმის ფარულობასთან დაკავშირებული მათი სარჩელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საქალაქო თუ რაიონულ სასამართლოში შევა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც ითხოვს შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
საიას განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე.
საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.