ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ამინდის გაუარესების გამო, რუსეთთან დამაკავშირებელი გზა დაკეტეს

ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა, ორშაბათს საღამოს დაკეტეს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით მთაში გადაუღებლად თოვს, რაც ზვავსაშიშროებას ქმნის. ცენტრალურ მაგისტრალზე კი ასეთ პირობებში გადაადგილება საფრთხის შემცველია.
ამჟამად როკის გვირაბისკენ გადაადგილება ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია. დე ფაქტო უწყებაში არ აკონკრეტებენ, როდის მოხდება გზის გახსნა, მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთთან ერთადერთი გზა აკავშირებს, რომელიც მთიან რელიეფზე გადის. მისი სიგრძე 164 კმ-ია. ავდრის, დიდთოვლობისა და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი გარკვეული დროით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება ხოლმე. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.
ოკუპირებული რეგიონის გარდა ამინდის გაუარესებას საქართველოშიც ელოდებიან. მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია თოვლი, ქარბუქი და მეწყრული პროცესების განვითარება. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ: 9-11 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში – თოვლი, ზოგან – ძლიერი. ასევე – ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა; დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა; მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეები აადიდოს, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს.