ოკუპირებულ ახალგორში ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომელი დააკავეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ოკუპირებული ახალგორის ადმინისტრაციის თანამშრომელი დააკავეს. გამოცემა „საპას“ ინფორმაციით, 29 წლის დავით კ. სოფელ ახმაჯში, ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
„დაკავებული საქართველოს ტერიტორიიდან მოდიოდა. ახლა სამართალდამცავები არკვევენ, რატომ გადაკვეთა მან საზღვარი და გადაწყვეტენ, დააკისრონ თუ არა მას ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა. საჯარო მოხელეს 30-დან 75 ათას რუბლამდე ჯარიმა ემუქრება“, – წერს გამოცემა.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ უწყებებს ოკუპირებული ახალგორის ადმინისტრაციის თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. რადიო თავისუფლებისთვის ადგილობრივი წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დე ფაქტო ადმინისტრაციის და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს ე.წ სამგზავრო საშვს დე ფაქტო კაგებე არ აძლევს.
შეზღუდვა ეხებათ ადგილობრივ პედაგოგებსაც. როგორც ჩანს, ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელს არ hქონდა საშვი და დე ფაქტო რესპუბლიკა ე.წ სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით დატოვა, უკან დაბრუნებული კი დააკავეს.
სოფელ ახმაჯში ორი დღის წინ კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა. კერძოდ, 15 იანვარს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებული ადგილობრივი მკვიდრი არ არის და ის თბილისიდან ჩავიდა ოკუპირებული ახალგორის რაიონში.
ოკუპირებული ახმაჯი, ახალგორის მოსაზღვრედ მდებარეობს და იქ საოკუპაციო ძალებს სამხედრო ბაზა აქვთ განთავსებული. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებული ჯერ ამ ბაზაზე გადაიყვანეს, იქიდან კი დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებს გადასცეს და ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. ამჟამად, ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება.