ოკუპირებულ აფხაზეთში დაამტკიცეს „მრავალფუნქციური კომპლექსების“ შესახებ კანონპროექტი

ოკუპირებული ს დე ფაქტო პარლამენტმა მეორე, საბოლოო, მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ”.
ტელეგრამის არხებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „მრავალფუნქციური კომპლექსების“ ცნების საკანონმდებლო განმარტება წინ უსწრებს „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიცირებას, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
დღეს, 11 ნოემბერს, დამტკიცებულ დოკუმენტში მითითებულია:
„მრავალფუნქციური კომპლექსი არასაცხოვრებელი ქონებრივი კომპლექსია, რომელიც შედგება ერთი ან მეტი არასაცხოვრებელი შენობისგან, რომლებიც შედგება სხვადასხვა ფუნქციონალური მიზნებისათვის განკუთვნილი, მხოლოდ არასაცხოვრებელი ფართებისგან“.
დოკუმენტის თანახმად, „მრავალფუნქციურ კომპლექსში დაიშვება ოფისების, სავაჭრო, სპორტული, საგამოფენო, საგანმანათლებლო და სხვა არასაცხოვრებელი ფართების განთავსება“.
„მრავალფუნქციური კომპლექსი არ შეიძლება მოიცავდეს (მთლიანად და ნაწილობრივ) აპარტამენტებს და ან აპარტჰოტელებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, „იკრძალება არასაცხოვრებელი შენობების ან არასაცხოვრებელი ნაგებობების მრავალფუნქციური კომპლექსის შემადგენლობაში გადატანა, ისევე როგორ მრავალფუნქციური კომპლექსის (სრულად ან ნაწილობრივ) გადატანა მრავალბინიან სახლში, ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში და საცხოვრებელ შენობაში. იკრძალება საცხოვრებელი შენობების, მრავალბინიანი სახლების, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, საცხოვრებელი ნაგებობების გადატანა მრავალფუნქციურ კომპლექსში ან კომპლექსის შემადგენლობაში“.
მანამდე „დეპუტატმა“ ზაურ ხუტაბამ დოკუმენტის კომენტირებისას განაცხადა: “ჩემი მოსაზრება ასეთია: ვერ იქნები მრავალფუნქციური კომპლექსის მომხრე და აპარტამენტების მოწინააღმდეგე“.
აპარტამენტების მშენებლობის „კანონპროექტი“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან ივლისში გაიწვიეს.