ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მიზანმიმართულად იდევნება ქართული ენა – DRI

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების ყოველდღიური ყოფიდან მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად იდევნება ქართული ენა. გარდა იმისა, რომ ეთნიკურ ქართულ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა, რიგ შემთხვევებში, გალსა და ახალგორში ქართველებს მშობლიურ ენაზე საუბარი ეკრძალებათ.
2003 წლის 1 სექტემბრიდან გალის რეგიონის ზედა ზონის ცხრავე სკოლა სრულად რუსულ სწავლებაზე გადავიდა. ქართულ ენას, რომელიც მხოლოდ უცხო ენად ისწავლება, კვირაში სამ საათამდე ეთმობა. ს დე ფაქტო მთავრობამ იგივე პოლიტიკა გაატარა გალის რეგიონის ქვედა ზონის სკოლების მიმართაც.
რუსული სცენარი გაიმეორეს ცხინვალის რეგიონშიც. აქ სწავლება სრულად რუსულით 2017 წლის სასწავლო წლიდან ჩანაცვლდა.
სამხრეთ ოსეთში ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებსა და აღმზრდელებს ქართულ ენაზე საუბარს უშლიან; იგივე ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ახალგორში არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც აღსაზრდელების მშობლებს შენიშვნა მისცეს იმის გამო, რომ მათი შვილი სხვა ბავშვებს ქართულ ენაზე ელაპარაკებოდა. ქართულ ენაზე საუბრის გამო ბაგა-ბაღის არაერთ თანამშრომელს დაემუქრნენ სამსახურიდან გათავისუფლებით.
მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების წართმევა არღვევს ხარისხიანი განათლების მიღებისა და განათლების ხელმისაწვდომობის უფლებას.