ოკუპირებული გალიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა 6 წლის ბავშვი, რომელიც ოკუპირებული გალიდან გადაიყვანეს. ექიმი ამბობს, რომ მოზარდი რამდენიმედღიანი ცხელების შემდეგ მიიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში – მდგომარეობის დამძიმების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბავშვი მაღალი ტემპერატურით თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ კი ბათუმში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.
“შემოიყვანეს ცხელებით, გამოხატული სუნთქვის და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით. ანამნეზში რამდენიმედღიანი ცხელება აღენიშნებოდა. მოხდა მალევე გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა და პაციენტი რეფერირდა სპეციალიზებულ ბავშვთა კლინიკაში.
მძიმე კლინიკური მდგომარეობის ფონზე, მიუხედავად რეანიმაციული ღონისძიებისა, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – განუცხადეს რადიო თავისუფლებას ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში.
მოზარდი 10 იანვარს გარდაიცვალა. ის გადაასვენეს ოკუპირებულ გალში, თავის სახლში.

ასევე დაგაინტერესებთ