ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პარლამენტთან” რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების პროექტი “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
აქციის მონაწილეები “სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი” ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას ეწინააღმდეგებიან.
მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ საკითხის განხილვა 28 დეკემბრიდან 27 დეკემბერს გადმოიტანეს, რის შემდეგაც საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა “პარლამენტის” შენობასთან აქცია დააანონსეს. წინასწარი ინფორმაციით, მომიტინგეები “საპარლამენტო სესიის” ჩაშლას გეგმავენ.
“არსად არ წავალთ, სანამ საკითხი ხალხის სასარგებლოდ არ იქნება გადაწყვეტილი”, – განაცხადა ერთ-ერთმა მომიტინგემ ჟურნალისტებთან საუბარში.
“პარლამენტის” შენობასთან და “სამთავრობო” შენობების კომპლექსის გარშემო უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული. ადგილზე ასევე იმყოფება ოკუპირებული რეგიონის “შინაგან საქმეთა მინისტრი” რობერტ კიუტი, რომელმაც აქამდე მოსახლეობას “არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ” მოუწოდა.