უკრაინის ოდესის ოლქში მდებარე ბილგოროდ-დნესტროვსკის საზღვაო პორტმა APM Terminals Poti-სთან (Maersk-ის შვილობილი კომპანია) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამის შესახებ პორტის დირექტორმა, ოქსანა კიკტენკომ განაცხადა. მემორანდუმის გაფორმება შუა დერეფანის თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა. ანალოგიური მემორანდუმი გაფორმდა ბილგოროდ-დნესტროვსკის საზღვაო პორტსა და ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს შორისაც.
„ეს არის ბილგოროდ-დნესტროვსკის პორტის პირველი მემორანდუმი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის – TITR-ის, იგივე შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით,“ – აღნიშნა კიკტენკომ.
მისივე თქმით, APM Terminals Poti საქართველოს ყველაზე დიდი საზღვაო პორტის – ფოთის პორტის მფლობელია, ხოლო ახალი შეთანხმება მოიცავს საბორნე კავშირების განვითარებას. აღნიშნული ინფრასტრუქტურა დაგეგმილია უკრაინული პორტის ახალი მფლობელის მიერ, სატვირთო ნაკადების შუა დერეფნის სტანდარტების შესაბამისად.
„მემორანდუმის მიზანია სატვირთო ნაკადების მოზიდვა შუა დერეფნის მეშვეობით, რომელიც უკრაინაში გაივლის ახალი სარკინიგზო მარშრუტით – ბესარაბიის მარშრუტით (უკრაინა–მოლდოვა–რუმინეთი), ასევე ორ პორტს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბება და განვითარება,“ – აღნიშნა ბილგოროდ-დნესტროვსკის პორტის დირექტორმა.
ბილგოროდ-დნესტროვსკის საზღვაო პორტი ოდესას სამხრეთით, დაახლოებით 80 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. პორტი მდინარე დნესტრის ყურეში არის განთავსებული.
