რუსეთის ჯარებმა 28 მარტს, შუაღამის შემდეგ უკრაინაზე იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დნეპროპეტროვსკის ოლქში დრონებით შეტევას ნგრევა მოჰყვა აგრარული საწარმოს ტერიტორიაზე. ქალაქ დნეპრის რაიონში დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ობიექტი. კონკრეტულად რომელი, საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია არ ასახელებს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ოდესის ოლქში დაზიანებულია კერძო სახლები. დაშავდა ერთი ადამიანი.
პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დრონებით მასირებული შეტევა იყო სამრეწველო ზონაში მდებარე სამოქალაქო ობიექტებზე. ექვს სხვადასხვა ადგილზე დაზიანებულია საწყობები, ადმინისტრაციული შენობა და ერთ-ერთი საწარმოს ტრანსფორმატორი. 2500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩენილი ხანძარი გამთენიისას ჩააქრეს. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობითვე, არავინ დაშავებულა.
ქალაქ პოლტავაზე დრონებით შეტევა იყო 27 მარტს, საღამოსაც. ქალაქის ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყება რუსეთიც.
თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 28 მარტს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 78 უპილოტო საფრენი აპარატი. მათ შორის 32 – ვორონეჟის ოლქში, 19 – სარატოვის ოლქში, 17 – კურსკში, 6 – ბელგოროდის ოლქში, 2 – ლიპეცკში, 1 – როსტოვის ოლქში და 1 – ტამბოვში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხმელეთზე შედეგების შესახებ არაფერს ამბობს.
ფორუმი
