ნუცა ბათიაშვილი: დაგვაჯერეს რომ მტერთან გარიგება და ჩმორივით სოროში შეყუჟვა ღალატი არაა

“ოთხ ცნებაზე – ბრძოლაზე, გმირობაზე, ღალატზე და ცივილიზაციურობაზე – დგას ქართული ეროვნული იდენტობა და შესაბამისად ერის და ერი-სახელმწიფოს წარმოსახვაც.
ამ ოთხ რამეზე აეგო ქართული ნაციონალური ნარატივი, რომ – ჩვენ პატარა, მაგრამ თავისუფლებისთვის მებრძოლი ერი ვართ
– ჩვენი სიძლიერეა გმირობისადმი მზაობა
– ჩვენი სისუსტეა ღალატისადმი მიდრეკილება
– ჩვენი კულტურული და პოლიტიკური ამბიციაც არის რომ ვეკუთვნით დიდ ცივილიზაციას
ეხლა:
– ჯერ იმით დაიწყო ამათმა ბელადმა, რომ გვითხრა, რაის ცივილიზაცია, არაფრის მაქნისების სოფელი ხართო (ეს იყო ქოცობის გარიჟრაჟზე)
– მერე გვითხრეს რომ გმირობა ის არ არის, რასაც აქამდე გმირობას ეძახდითო (მაგალითისათვის იხ. ბმული პირველ კომენტარში)
– იქამდე (მშვიდობის ტრაფარეტით) დაგვაჯერეს რომ მტერთან გარიგება და ჩმორივით სოროში შეყუჟვა ღალატი არაა.
– და ახლა, რომ პატარა ქვეყანა ვართ და “ბრძოლა” ჩვენი საქმე არააო, რითიც “პატარა ქვეყნის” ის პარადიგმა, რომელიც ქართველებისთვის ღირსების განცდის წყაროა, სრულიად უკუღმა ნაბრუნები შემოგვრჩა, შიშის და მორჩილების ვალიდაციისთვის (იხ. კობახიძის ბოლო განცხადება კომენტარებში).
პირდაპირ, დავით აღმაშენებლის ხატები და ძეგლები დაეწვათ, რავი. იმაზე აღარაფერს დავწერ ჰიმნის, დროშის და სახელმწიფოებრიობის რა ხარისხის დაკნინებაა, გასართობი მოედანი რომ გგონია მათი ერთადერთი ფუნქციური ასპარეზი.
მოკლედ, მე ვარ აღფრთოვანებული ამათი მეთოდურობით, თანმიმდევრულობით და მრავალშრიანი ტაქტიკებით, რომლითაც მოქმედებენ ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან. თანდათანობითი, გამოზომილი და დაანგარიშებული სიჩქარით. ქრონოლოგიურად, მხოლოდ ამ 4 ცნების გარყვნის მცდელობებს რომ მიადევნოთ თვალი, ნახავთ, რომ შარშან ან გუშინწინ არ “გარუსებულა” ოცნება. ხელისუფლებაში მოსვლამდე უკვე იკვეთება ეს კონტურები. პირველი იყო ღირსების ცნების გადააზრება, რაზეც მათი საარჩევნო კამპანია იდგა და ეს სიტყვა დაახლოებით ისევე ამუშავეს მაშინ, როგორც დღეს მოიხმარეს სიტყვა “მშვიდობა”. როგორც მშვიდობის უკან იყო შეფარული შინაარსები, ჩმორობის, მორჩილების და ღალატის, ასევე იყო ღირსების უკან შემალული ანტი-ლიბერალური, ანტი-სახელმწიფოებრივი და ანტი-დასავლური მისწრაფებები. მათ შორის ძველბიჭური ღირსება, მასკულინური ღირსება, რაღაც კვაზი “სუვერენულობა” და ა.შ. ასევე შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ, როგორ იწყება საქართველოს გეოპოლიტიკური როლის შესახებ ნარატივის გამოფატვრა, ს ძალიან ადრინდელ რიტორიკაში. მისი პირველი ინტერვიუები, უკვე მიმანიშნებელია, როგორ აპირებს ქართველობის ცნების განძარცვას ყველანაირი კულტურული უპირატესობის განცდისგან.
სხვა სიტყვებით, არანაირი “შემობრუნება” თუ “გადაბრუნება” არ განუცდია ქოცნებას. საქართველოს და ქართველის რე-კოლონიზაცია იყო ბიძინა ივანიშვილის პროექტი პირველივე დღიდან. ამიტომ ქოცი თავის არსით მოღალატეა, საწყის წერტილშივე არის ხალხის მტერი, ქვეყნის და სახელმწიფოებრიობის იდეის გაუპატიურების ავტორი და არა ხელისუფალი, რომელსაც ძალაუფლება შემოებევრა და ქვეყნის დასაცავად, შემოერტყმევინა ზედმეტი მათრახები.
ამიტომაა, რომ ვერასდროს, ვერც ერთი საუკეთესო ქოციც კი ვერ გაუტოლდება ვერც ერთ ნაცს, ყველაზე ნაძირალასაც კი. ნაცი ქოცი არაა და წერტილი,” – წერს სოციალურ ქსელში თავისუფალი უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი ნუცა ბათიაშვილი.
ცნობისათვის, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და შესაბამისად, დიდ ომებს ჩვენ ვერ მოვიგებთ. არც გვინდა ჩავერთოთ, არც დიდ და არც პატარა ომებში. ასეთ ვითარებაში, მთავარი ასპარეზი, სადაც ქართველმა შეიძლება უმაღლეს დონეზე აწიოს ქართული დროშა და გააჟღეროს ქართული ჰიმნი არის სწორედ სპორტი – ამის შესახებ  მ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.