როცა სოფლის მოწნული ღობეები უფრო მყარია, ვიდრე სტრატეგიული დანიშნულების პრეზიდენტის სასახლის ღობე, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა 4 ოქტომბრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე შეფასებით, 4 ოქტომბრის მოვლენებში „ქართულმა ოცნებამ“ პროვოკატორის როლი შეასრულა, რადგან ხალხი ხაფანგში შეიტყუა.
„დიახ, გაიჟღერა სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის გვარმა. პერსონალური ამბები, ალბათ, უფრო მოგვიანებით გახდება ცნობილი და თუ თვითონ ორგანიზატორები ისაუბრებენ ამის შესახებ, ჩვენ მხოლოდ მაშინ მივიღებთ დამაჯერებელ პასუხს. როგორც ჩანს, გარკვეული კონტაქტები არსებობდა ხელისუფლების გარკვეულ წარმომადგენლებთან და ის დამაჯერებლობა, ის იმედი, რომ სპეცრაზმელები გადმოვიდოდნენ და დაყრიდნენ იარაღს, რომ 4-ში დაიწყებოდა და 4-ში დასრულდებოდა, სწორედ ამაზე იყო დამყარებული. ვფიქრობ, რომ სწორი სიტყვაა „მიამიტობა“. ერთი არის პოლიტიკური სურვილები, ერთი არის თუნდაც კეთილშობილური მიზნები, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ფიასკოსკენ მიმავალი გზაც ხანდახან არის კეთილი სურვილებით აღჭურვილი. პოლიტიკა არ არის მხოლოდ კეთილი სურვილების ასპარეზი, ის ასევე არის გააზრების ადგილი და როგორც ჩანს, ამ მიმართულებით იყო სერიოზული პრობლემები იმ ადამიანებში, რომლებიც აორგანიზებდნენ ამას. როდესაც კონკრეტული თარიღის გამოცხადება ხდება, როცა მძიმე ვითარებაა, ხელისუფლება ყოველთვის ქმნის გარკვეულ ლეგენდებს, რათა დეზორგანიზაცია შეიტანოს ოპონენტთა რიგებში. ასეთი ლეგენდები შეიძლება იყოს სპეცრაზმელებიდან ვიღაც ადამიანები, რომლებიც მიდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ჩვენ მზად ვართ, გადმოვიდეთ. ასეთი ლეგენდა შეიძლება იყოს თვით მაღალჩინოსნები. თვითონ ხელისუფლებამ განახორციელოს გარკვეული დაჭერები, რითაც გაამყაროს ეჭვი, რომ ეს განხეთქილება, ნაპრალი არის რეალური და არა გამოგონილი, ამით მოატყუოს ლიდერები. ეს ახალი არ არის. ისტორიაში უამრავი მაგალითის მოტანა შეგვიძლია. როგორც ჩანს, ასეთი შემთხვევა იყო და ამით იყო განპირობებული როცა ამბობდნენ, რომ 4-ში ვიწყებთ, ვასრულებთ 4-ში, ოღონდ არ იყო საუბარი იმაზე, რა გარემოებები გამოიწვევდა ამ ცვლილებებს. როცა ვსაუბრობდი მურთაზ ზოდელავასთან, პაატა მანჯგალაძესთან, მთავარი კითხვა იყო ეს: „კი, მაგრამ როგორ მოხდება ეს? როგორი იქნება განვითარება?“ ეს იყო ვუალით ჩამოფარებული. ამბობდნენ, რომ „ასე იქნება“ და რაღაც იდუმალება ახლდა ამ საკითხს. ამიტომ იყო, რომ ჩვენმა კოალიციამ მიიჩნია, რომ შეუძლებელი იყო ამ აქციების ორგანიზებაში ჩართულიყვნენ.
აქ ყველაზე საინტერესოა ხელისუფლების როლი. გარდა იმისა, რაზეც ზუსტი პასუხები ჩვენ არ გვაქვს, ხალხის შეგზავნებზე და როგორც ჩანს, ასეთი ამბები ნამდვილად იყო, „ქართული ოცნების“, როგორც ამ პოლიტიკური მოვლენების პროვოკატორის როლს ამაში ნამდვილად ვხედავ. თვით პრემიერ-მინისტრმა ღიმილით ისაუბრა, რომ მათ არ შეაჩერეს პრეზიდენტის სასახლისკენ მიმავალი ხალხი, მაშინ როდესაც, მათი ლოგიკით დანაშაული უკვე ჩადენილი იყო. გამოცხადდა, რომ წავიდეთ და ავიღოთ ეს პრეზიდენტის სასახლე, ოქროს გასაღები ავიღოთ იქიდან, ადამიანები მიდიოდნენ და არავითარი პრევენცია არ მოხდა. არავითარი სურვილი ხელისუფლებას არ დასტყობია, რომ შეეჩერებინა ეს ადამიანები, თუმცა იმ დღის ლოგიკიდან გამომდინარე, ვინც კი იყო პოლიციელი, სპეცრაზმელი, ყველა იქნებოდა იქ, თავისუფლების მოედნის გარშემო. როდესაც ისინი იქ მივიდნენ და ეს თქვენც ნახეთ, გადაჭრილი ღობე, რომელიც ვარდება, სოფლის მოწნული ღობეები უფრო მყარია, ვიდრე სტრატეგიული დანიშნულების პრეზიდენტის სასახლის ღობე, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. თუმცა ჩემთვის სრულიად ცხადია, განსაკუთრებით, იმ სიტყვების შემდეგ, რაც ითქვა: “ჩვენ იქ სიურპრიზი დავახვედრეთო”. სიურპრიზი დაახვედრეს ხალხს ამ ღობის სახით და იმ სპეცრაზმელების სახით, რომლებიც იყვნენ დამალულები პრეზიდენტის სასახლეში. რეალურად, ხელისუფლება მოიქცა არა როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე, მშვიდობაზე პასუხისმგებელი და პრევენცია კი არ მოახდინა რაღაც ამბების, არამედ ხაფანგში შეიტყუა საკუთარი ხალხი. ეს არის ძალიან მძიმე ამბავი და ვერცერთი დამაჯერებელი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ამას უარყოფს“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
გარდა ამისა, მან გადაცემაში სტუმრობისას ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა, მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების პარალელურად მის საჯარო გამოჩენაზე, როცა ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანთან მივიდა.
„სხეულის ენის სპეციალისტი არ ვარ, თუმცა ფაქტია, რომ ის იყო ივანიშვილის კარზე პრემიერ-მინისტრი და ის ადამიანები, ვინც მისი ნდობით იყვნენ აღჭურვილები, მათ შორის, თავდაცვის მინისტრი, დღეს არის საპატიმროებში. რა ხდება ივანიშვილის კარზე და რა ლოგიკა მოქმედებს… ივანიშვილი არ მოქმედებს პოლიტიკური ლოგიკის შესაბამისად, ის არ არის დემოკრატიული მმართველი და ამიტომ მისი გადაწყვეტილებები დაკავშირებულია მის მიმართ პირადი ერთგულების საკითხთან. ისევე, როგორც ცნობილია, რომ ძალიან მტკივნეულად აღიქვამს მის პირად ფულთან დაკავშირებულ ამბებს. მხოლოდ იმით, რომ გამოვიდა ღარიბაშვილი საჯაროდ, ძნელია რამის თქმა, თუმცა იმ დღეს, იმ დილას გამოსვლა ნამდვილად იყო ჟესტი, სადაც ამბობდა, რომ მე ვარ ხელისუფლების მხარეს და ამით რაღაცნაირად, ალბათ, გააქარწყლა ბევრი ადამიანის მოლოდინი, რომ შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული ამ პროტესტანტებთან. აშკარად ვხედავ რაც იყო ხელისუფლების მიზანი, რომ 4 ოქტომბრის აქცია, სადაც მართლა შვილებთან ერთად იყო ხალხი მისული, გამოეცხადებინათ ძალადობრივ, კრიმინალურ რევოლუციად, რათა ხელ-ფეხი გახსნოდათ და დაეჭირათ ბევრი ადამიანი“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
რაც შეეხება 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას შსს-ში დაბარებას, სადაც მას 8 საათის განმავლობაში კითხავდნენ, წიკლაური მომხდართან ახალაიას რაიმე კავშირს გამორიცხავს.
„ჩვენ გვახსოვს, რომ ფსევდო ჩანაწერი გამოაქვეყნეს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი, რომლის სიყალბე რამდენიმე საათში დადგინდა. ეს ყველაფერი მიმართული იყო იქით, რომ ეთქვათ, თითქოს და ჩართულები არიან ძველი ძალოვნები, რომ აქ სისხლიანი დრამა თამაშდება. ყველასთვის ცხადია, რომ ეს არის ტყუილი და არავითარი საუბარი არც პაატა ბურჭულაძესა და ახალიას შორის არ ყოფილა. ანი ნადარეიშვილი თითქოს არის მიწიდან ამოთხრილ საწყობებთან დაკავშირებული. ხომ გვახსოვს „საბურავების საქმეები“ ერთხელ, ორჯერ, ხუთჯერ განმეორებული, ეს ხმის სინჯები. ეს არის პოლიტიკური ტრიუკი, თაღლითობა. ანის [ბაჩო ახალაიას მეუღლე] გარდაეცვალა ძმა რამდენიმე თვის წინ და ის დაბრუნდა საქართველოში მაშინ, ამ ამბების დროს. ეს მოხდა ადრეულ გაზაფხულზე. მე რამდენადა ვიცი და მგონია, რომ სწორად ვიცი, ის ამ პოლიტიკურ მოვლენებში მონაწილეობას არ იღებს. პრაქტიკულად არ გამოდის სახლიდან. ხელისუფლებამ შექმნა რაღაც „ბუები“ და ახლა უნდათ, რომ ამით დააშინოს საზოგადოება. ის არ იღებს ამაში მონაწილეობას. არანაირ ორგანიზებაში არ მიუღია მონაწილეობა“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
გარდა ამისა, მან პოლიტიკოსების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციები უნდა გაგრძელდეს. მისივე ინფორმაციით, 26 ოქტომბერს უკვე დაგეგმილია გაერთიანებული ოპოზიციის მსვლელობა.
„მიმაჩნია, რომ ახლა პოლიტიკური კლასი უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ დროზე გაიაროს ამ მოვლენებისადმი მაგნიტიზმმა. ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი ფურცლის გადაშლა. ამ თვალსაზრისით, მგონია, რომ აქციები უნდა გაგრძელდეს. 4-ში, მას შემდეგ, რაც ეს ამბავი მოხდა და მძიმე დარტყმა იყო ყველა პატრიოტისთვის, დადგა 5 რიცხვი და ჩვენ ვნახეთ კვლავ მასშტაბური გამოსვლა რუსთაველზე. რუსთაველზე როგორც წესი, იკრიბება 1000, 2000 ადამიანი და იმ დღეს იყო რამდენჯერმე აღმატებული ხალხი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიუხედავად ყველანაირი პროვოკაციისა, ეს მუხტი ეროვნული სოლიდარობის და საქართველოს ევროპული გზისადმი ერთგულების არსებობს. რაც შეეხება ქუჩას, რა თქმა უნდა, უდიდესი როლი ექნება. რომ არ ყოფილიყო რუსთაველის პროტესტი, დღეს საერთოდ, ალბათ, არ ვისაუბრებდით ამ თემებზე. მთლიანად იქნებოდა ნიველირებული ეს წინააღმდეგობის მოძრაობა. მას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, იმასთან ერთად, რომ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან გვაქვს კონტაქტი. რეალურად არაფერი შეცვლილა. მთავარი იდეა არის ცოცხალი, ხალხი ამის გულისთვის გამოდის, კვლავაც გამოვა. პოლიტიკურ პარტიებს ახლა მართებთ მეტი კოორდინაცია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დღეს უკვე ითქმება იმის შესახებ, რომ 26 ოქტომბრისთვის დაგეგმილია გაერთიანებული ოპოზიციური მსვლელობა. ცხადია, ერთობა სჯობს დაქსაქსვას, ჩვენს გერბზე წერია ბოლოს და ბოლოს „ერთობა“, მაგრამ შეუძლებელია მე და თქვენ ერთად წავიდეთ, თუ თქვენ მიდიხართ ზუგდიდში და მე თელავში. ეს ასე არ მოხდება. პოლიტიკურ პარტიებს აქვთ, ხშირ შემთხვევაში საკუთარი პოლიტიკური ხედვები. 4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ესეც იყო, პარტია „ლელომ“ და „გახარიამ“ გადაწყვიტეს, რომ არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა. მათ საკუთარმა ამომრჩეველმა უთხრა უარი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი კოალიცია ამ ორ პარტიასთან არ დაჯდება სასაუბროდ, თუ როგორ გაგრძელდეს ბრძოლა. მათ აქვთ ახალი ნაბიჯები გადასადგმელი. თუ ისინი შედიან, აღიარებენ და ლეგიტიმაციას აძლევენ ამ მკვდრადშობილ საკრებულოს, თუ ისინი გააგრძელებენ ხელისუფლებასთან ასეთ მდგომარეობაში ყოფნას, მაშინ იქნებიან არა სისტემური ოპოზიცია, არამედ უბრალოდ ივანიშვილის სისტემის ნაწილი. ივანიშვილის სისტემის ნაწილთან ერთად კი შეუძლებელია ებრძოლო თვით ივანიშვილის სისტემას. ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გაიაზროს თუ რა მოხდა 4 ოქტომბერს, მათ შორის, მათაც, ვინც იყვნენ ორგანიზებაში ჩართულები. მათაც, ვინც მონაწილეობა მიიღეს ამ რუსულ სპეცოპერაციაში, ფსევდო არჩევნებში. ეს გადააზრების პროცესი მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები იქნება ინტენსიური, მივალთ საბოლოოდ გადაწყვეტილებამდე. სანამ ეს მოხდება, მანამდე აქტიური შეხვედრები მიმდინარეობს ასევე ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში არიან. ევროკავშირის პოზიცია ვნახეთ. არავინ გაიზიარა ივანიშვილის მოსაზრება, რომ საქართველოში ძალადობრივი რევოლუცია იყო. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის პოზიცია ევროპელი პარტნიორების მხრიდან.
ამ ვითარებაში დავზიანდით თუ არა? – დიახ, დავზიანდით! ეს მოხდა როგორც იმ არჩევნებში მონაწილეობით, ისე ამ მიამიტური, გაუთვლელი სხვადასხვა ნაბიჯით, რომელმაც დააზიანა მშვიდობიანი მოძრაობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მშვიდობიანმა მოძრაობამ მიიღო ისეთი დარტყმა, რომ აღარ აქვს აღდგენის რესურსი. დიახ, აქვს აღდგენის რესურსი!“- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
