ნუგზარ წიკლაური – ოპოზიციის აკრძალვით კრძალავენ ხალხს – სტალინი ამბობდა: „არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა“, ესენიც ასე არიან – ასეთი გადაწყვეტილებები ძალიან მძიმე შედეგებით მთავრდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელისუფლების ხელში გადაიქცა „დუბინკად“, რათა ადამიანების მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება მოახდინოს – როგორც „ყვარყვარეს ციხე“ იყო თავის დროზე, ქართული ციხეებიც არის სავსე უსამართლოდ დაკავებული ადამიანებით, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მისი თანაპარტიელის, გელა ხასაიას დაკავებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ქვეყანაში, სამართლებრივად, სრული განუკითხაობაა და მთელი სახელმწიფო სისტემა მოშლილია.
ნუგზარ წიკლაური ფიქრობს, რომ „ეს შემოდგომა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ უმწვავესი პოლიტიკური პროტესტით იქნება აღბეჭდილი“.
„თვით სიტყვები – „შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს“, შინაგან საქმეთა სამინისტრო გვამცნობს“, გახდა რაღაც ოქსიმორონი, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაიქცა „დუბინკად“ ხელისუფლების ხელში, რათა ადამიანების მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება მოახდინოს. ახლა იქნება რაღაცა ბრალდება, რომელიც არის სრულიად დაუჯერებელი, ისევე როგორც ბევრი ბრალდება იყო დაუჯერებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანებს ციხეში აწესებენ. როგორც „ყვარყვარეს ციხე“ იყო თავის დროზე, ქართული ციხეებიც არის სავსე უსამართლოდ დაკავებული ადამიანებით. როდესაც ქვეყანაში სამართლებრივად ასეთი განუკითხაობაა, ხელისუფლება ისეთ მეთოდებს იყენებს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. პრაქტიკულად, მოშლილია მთელი სახელმწიფო სისტემა. ბუნებრივად, მერე, თვით საქართველოს მოქალაქე იწყებს მოქმედებას და მე ვფიქრობ, ეს შემოდგომა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ უმწვავესი პოლიტიკური პროტესტით იქნება აღბეჭდილი,“ – განაცხადა წიკლაურმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე მისი პარტიის წევრები და „ათობით ათასი მხარდამჭერი“ იქნებიან, თუმცა წიკლაური აქვე აცხადებს, რომ არ შეუძლია განსაზღვროს ზუსტი „დედლაინი“, თუ რომელ საათზე დასრულდება „ქართული ოცნების“ მმართველობა.
„სრული მობილიზაცია არის იმისათვის, რომ „კოალიცია ცვლილებისათვის“ ათობით ათასი მხარდამჭერი იდგეს აქციაზე და ყველაზე აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროტესტში. ყველა ადამიანთან, ვინც არის ჩართული ამ აქციის ორგანიზებაში, გარკვეული კონტაქტები არსებობს, უბრალოდ, ჩვენ ამ აქციის ორგანიზატორები არ ვართ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით 4 ოქტომბერს, უბრალოდ, მე არ შემიძლია განვსაზღვრო „დედლაინები“, ბოლო დღეები, საათები იმისათვის რომ აი, ახლა, რომელიღაც საათზე დასრულდება ხელისუფლება და ა.შ.,“ – აღნიშნა წიკლაურმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, მან პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ივანიშვილის მმართველობასთან დემოკრატიას და თავისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს“.
მისი თქმით, სისასტიკეს ავლენს ყველას მიმართ, ვინც მის ნებას არ ემორჩილება.
„საქართველოში, სადაც არის ავტოკრატიული მმართველობა, დიქტატორული მისწრაფებებით ივანიშვილი, უსწორდებიან არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, ან იმ ადამიანებს, ვისთანაც რაიმე ფინანსური პრობლემები აქვთ, არამედ მათ მშობლებსაც. ეს კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილის მმართველობასთან არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიას და თავისუფლებას. ნათქვამია, „შეუზღუდავი ძალაუფლება შეზღუდული ადამიანების ხელში ყოველთვის წარმოშობს სისასტიკეს.“ ეს ხდება ახლა საქართველოში. ეს შეზღუდული ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა, რომელიც ფლობს აბსოლუტურ ძალაუფლებას ქვეყანაში, ავლენს სისასტიკეს ყველას მიმართ, ვინც მის ნებას არ ემორჩილება,“ – აღნიშნა მან.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ხელისუფლება კორუფციას კი არ ებრძვის, არამედ „მაფიოზური კლანის გარჩევები“ მიმდინარეობს.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი მიზანია როგორმე დაიბრუნოს ის თანხები, რომელიც მისმა მთავრობამ მოიპარა.
როგორც წიკლაური აღნიშნავს, წინასწარ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, რომელ მაღალჩინოსანს დააკავებენ.
„ბიძინა ივანიშვილი აგროვებს იმ ფულს, რაც მოპარული იქნა მისი ხელისუფლების მხრიდან. საუბარია ასობით მილიონ დოლარზე, რასაც ედავებიან პრემიერ-მინისტრებს, სხვადასხვა თანამდებობის პირებს, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კორუფციის წინააღმდეგ კი არ არის ბრძოლა, არამედ ეს არის სრულიად კორუმპირებული სისტემა, რომლის ხელმძღვანელს, იმის გამო, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან დასანქცირებულია, აქვს ერთადერთი მიზანი, რომ როგორმე დაიბრუნოს ის თანხები, რომელიც მისმა მთავრობამ მოიპარა.
წინასწარ შეუძლებელია პროგნოზირება იმის, რომელი მაღალჩინოსანი იქნება დაჭერილი. თუ გახსოვთ ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან წავიდა ისე, რომ მას აბრალებდნენ 700 მილიონი ლარის გაფლანგვას. ახლა უკვე შემდეგ პრემიერ-მინისტრზეა ლაპარაკი, თავდაცვის მინისტრზე და მათაც აბრალებენ ასტრონომიული თანხების მოპარვას. რიჟვაძე თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, მასაც ედავებიან ათობით მილიონ დოლარს.
უნდა მივხვდეთ, რომ აქ არავითარი კავშირი კორუფციასთან არ არის. ეს არის რაღაც „ქურდული გარჩევები“, „მაფიოზური კლანის გარჩევები“, რაც მიზნად ისახავს ფულის მოტანას. განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ არის სასტიკი, რომლებიც როგორც ჩანს, შემჩნეულები ან ეჭვმიტანილები არიან ბიძინა ივანიშვილთან ლოიალობის არქონაში. საქართველო სახელმწიფო აღარ მოქმედებს როგორც სამართლებრივი სისტემა, ის მოქმედებს როგორც „მაფიოზური კლანი“, როგორც ნამდვილი ავტოკრატია და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას უსპობს განვითარების ყოველგვარ პერსპექტივას,“ – განაცხადა წიკლაურმა.
გარდა ამისა, მან გადაცემაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოცხადებულ გუშინდელ განაჩენზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი ს პოლიტიკური დემონიზებაა.
„მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და [მიზანია] მისი პოლიტიკური დემონიზება, მისი წარმოჩენა კორუფციონერ ლიდერად, მაშინ, როდესაც სააკაშვილის მმართველობის მთელი 9 წელი აღბეჭდილი იყო სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით. მიზანია, ეს ადამიანი იყოს წარმოჩენილი პოლიტიკურ დემონად, რომელიც თითქოსდა, ადამიანების ფულს იპარავდა. თვითონ ეს 9 მილიონიც კი, რომელიც მოგონილია, ახლა სასაცილოდ მოჩანს იმ მასშტაბთან, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, როდესაც საქმე ეხება საქართველოსთვის მილიარდობით დოლარის მოპარვას. მე ვფიქრობ, სრულიად ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებული ეს ბრალდება და ეს განაჩენი არის რეჟიმის პოლიტიკური ვერდიქტი, რომელსაც სამართლებრივ ასპექტთან არავითარი კავშირი არ აქვს,“ – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ რეალურად, კრძალავს ქართველ ხალხს და ქართველ ამომრჩეველს, რადგან „თუ ვინმე საფრთხეს უქმნის მათ ავტოკრატიულ მმართველობას, ეს არის სწორედ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგობა“.
„პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ პირდაპირ თქვა, რომ ეს არ ეხება ერთ პოლიტიკურ პარტიას. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ასობით ათასი ადამიანი არის, ვინც ხმა მისცა „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ახლა, როდესაც ლაპარაკია ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, რეალურად კრძალავენ ქართველ ხალხს, ქართველ ამომრჩეველს. ეს ხომ არ არის რაღაცა შეზღუდული პოლიტიკური სექტა, რომელსაც არავინ უჭერს მხარს, ან ძალიან მცირერიცხოვანი მხარდაჭერა აქვს?! ეს არიან ლამის მილიონი ადამიანის მხარდაჭერით მოსარგებლე პოლიტიკური ძალები. გადაწყვიტეს, რომ ხალხი აკრძალონ, იმიტომ, რომ თუ ვინმე საფრთხეს უქმნის ახლა მათ ავტოკრატიულ მმართველობას, ეს არის სწორედ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგობა, რომელიც გამოხატულია სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ფორმით. სტალინი ამბობდა, „არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა“. ესენიც ესე არიან. აკრძალავ ადამიანს, აკრძალავ არჩევნებს, გააუქმებ ყველაფერს დემოკრატიულს და აღარ იქნება პრობლემა, მაგრამ როგორც წესი, ასეთი გადაწყვეტილებები მთავრდება ძალიან მძიმე შედეგებით მათთვის, ვინც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს ,“ – განაცხადა წიკლაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსეს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ და ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად